სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) აუდიტორები აშშ-ს სახელმწიფო აუდიტორულ უწყებაში (GAO) სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში IT აუდიტორებმა GAO-ს აუდიტის ჯგუფებისგან მოისმინეს ინფორმაცია ჩატარებული კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტების, აუდიტორული პროცედურებისა და გამოყენებული ტექნიკების შესახებ. ასევე, GAO-ს აუდიტორებმა კოლეგებს გაუზიარეს აშშ-ის გამოცდილება მონაცემთა ანალიზის (advanced data analytics) მიმართულებით, რომელიც მონაცემთა მოგროვების, დამუშავებისა და შემდგომი გამოყენების ტექნიკებს მოიცავს.
თავის მხრივ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორებმა ამერიკელ კოლეგებს გააცნეს თავიანთი პრაქტიკა მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზის ცენტრის მართვისა,ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების აუდიტის ტექნიკებთან დაკავშირებით.
მხარეებმა მოსაზრებები გაცვალეს ასევე INTOSAI-ს ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის სამუშაო ჯგუფის (WGITA) პროექტთან დაკავშირებით, რომელიც უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტებისათვის IT აუდიტის სახელმძღვანელოს მომზადებას ითვალისწინებს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორების ვიზიტი აშშ-ში, მსოფლიო ბანკის პროექტის „სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის განვითარების“ ფარგლებში განხორციელდა. ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის განვითარების მიმართულებით სახელმწიფო აუდიტის სამსახური აშშ-ის აუდიტორულ უწყებასთან (GAO) 2016 წლიდან თანამშრომლობს.
