INTOSAI-ს ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) აუდიტის სამუშაო ჯგუფის (WGITA) წლიური შეხვედრა/სემინარი გაიმართა კენიის დედაქალაქ ნაირობიში, რომელშიც ორგანიზაციის 20 წევრი ქვეყნის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კაპანაძემ და IT აუდიტორმა გიორგი მოლაშვილმა მიიღეს მონაწილეობა.
წლიური ღონისძიების მონაწილე ორგანიზაციებმა სამუშაო ჯგუფის მიერ გაწეული სამუშაოები შეაჯამეს და მომავალ წლის სამუშაო საკითხებზე იმსჯელეს. WGITA ჯგუფის 2024-2030 წლების გეგმაა ინფორმაციული სისტემების აუდიტის ახალი მიდგომების დანერგვა, IT აუდიტის ხარისხის და ეფექტიანობის გაზრდა.
ასევე, სემინარზე წარმოდგენილი იყო სამუშაო ჯგუფის (WGITA) მიერ შექმნილი პლატფორმა (CUBE), სადაც შესაძლებელია INTOSAI-ს წევრი ორგანიზაციების მიერ ჩატარებული აუდიტების ერთიან ბაზაში მოქცევა და მათი ანალიზი ენობრივი ბარიერის გარეშე.
სამუშაო ჯგუფის წევრებმა თავისი პრაქტიკა და გამოცდილებები გაუზიარეს ერთმანეთს. ცხრა ქვეყნის უმაღლესი აუდიტორული უწყების IT აუდიტორებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს, რომელიც ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოწვევებსა და სიახლეებს ეძღვნებოდა. მათ შორის, ცნობიერების ამაღლება ტექნოლოგიების მიმართულებით, კვალიფიციური კადრების მოზიდვა, IT აუდიტის როლი ფინანსურ აუდიტში და სხვა.
