სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2012 - 2014 წლებში გაწეული საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის აუდიტი. ჩატარებულ აუდიტთან დაკავშირებით შედგა ანგარიში, რომელშიც გამოითქვა პირობითი მოსაზრება.
ჩატარებული აუდიტორული პროცედურებით და წარმომადგენლობიდან მიღებული ინფორმაციით დადგინდა, რომ 2012-2014 წლებში წარმომადგენლობა განთავსებული იყო და საქმიანობას ახორციელებდა ქ. ქუთაისში, ირ. აბაშიძის N 27 - ში მდებარე შენობის მე-3 სართულზე, რომლის მოსარგებლედ საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 2012 წლის 08 მაისს. თუმცა, აღნიშნული ქონების ღირებულების დადგენა და ბალანსზე აყვანა არ მომხდარა.
გარდა აღნიშნულისა, საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ფარგლებში, წარმომადგენლობა სარგებლობდა სხვადასხვა საოფისე ფართით, კერძოდ:
ქ. წყალტუბოში მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში არსებული ფართით, რომელიც წარმომადგენლობას გადმოეცა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, თუმცა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია და ბალანსზე აყვანა არ მომხდარა. ასევე, წარმომადგენლობა სარგებლობდა ქობულეთის გამგეობისა და ბათუმის მერიის შენობაში არსებული ფართებით, რასთან დაკავშირებითაც ვერ იქნა წარმოდგენილი ფართებით სარგებლობის რაიმე კანონიერი საფუძველი.
წარმომადგენლობის მიერ 2012 – 2014 წლებში დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით, ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის შესაბამისად, დადგენილი კატეგორიებისათვის გაიცემოდა ფულადი თანხა 100-200 ლარის ოდენობით, რომლის მიხედვით 2013 წელს „სხვა მძიმე სოციალურ მდგომარეობაში" მყოფ ოჯახებზე, წარმომადგენლობის სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით, შესაძლებელი იყო თანხის გაცემა პროგრამის მოცულობის დაზუსტებული ბიუჯეტით - 10%-ის, ანუ 7,450.00 ლარის ფარგლებში, ხოლო ფაქტობრივად გაცემულმა თანხამ შეადგინა პროგრამის დამტკიცებული ბიუჯეტის მოცულობის 10%, ანუ 9,000 ლარი. აღნიშნულ ფაქტს ასევე ადგილი ჰქონდა წინა წლების აუდიტისას.
