სახელმწიფო აუდიტის სამსახური

თორნიკე შერმადინი INTOSAI IDI-ს ახალ გლობალურ სახელმძღვანელოზე მუშაობს 23 ოქტომბერი, 2024

სახელმწიფო აუდიტის სამსახურს საკუთარი წვლილი შეაქვს გლობალურ ასპარეზზე აუდიტორული ორგანიზაციების სამუშაო პრაქტიკების გასაუმჯობესებლად. 

საერთაშორისო ორგანიზაციის INTOSAI IDI-ის მიწვევით, ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი თორნიკე შერმადინი ექსპერტთა ჯგუფთან ერთად ახალი გლობალური სახელმძღვანელოს ,,დიაგნოსტიკური ინსტრუმენტი მდგრადი აუდიტის პრაქტიკისთვის" განვითარებაზე მუშაობს. 

დიდი ბრიტანეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციიდან (UK NAO), საქართველოდან, OLACEFS, EUROSAI და ASOSAI-ის ქვეყნებიდან, ექსპერტთა სამუშაო შეხვედრა ოსლოში, ნორვეგიის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის ოფისში გაიმართა. 

დადგენილი პროცედურების გავლის შემდგომ, სახელმძღვანელო ხელმისაწვდომი გახდება INTOSAI-ის წევრ 190-ზე მეტი უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციისთვის და საშუალებას მისცემს მათ ყოვლისმომცველად შეაფასონ თავიანთი საჭიროებები მდგრადი აუდიტის პრაქტიკის სისტემების შექმნის, განვითარებისა და შენარჩუნებისთვის. 

ასევე, INTOSAI IDI მომავალში გეგმავს უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების მხარდაჭერას საკუთარი საჭიროებების შესაფასებლად, რაც ორგანიზაციებს დაეხმარება სამოქმედო გეგმების შედგენაში აუდიტის მდგრადი პრაქტიკის შესაქმნელად.

თორნიკე შერმადინს მონაწილეობა აქვს მიღებული ამავე ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ სხვა პროექტებში: საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის ინსტრუმენტი (iCAT), აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფის ინიციატივა, ფინანსური აუდიტის მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო, რომლებიც მრავალი წელია გამოიყენება მსოფლიოში სხვადასხვა უმაღლესი აუდიტორული  ორგანიზაციების მიერ.