სახელმწიფო აუდიტის სამსახური

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის მდგომარეობა 30 დეკემბერი, 2014

აუდიტის დეპარტამენტმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ჩაატარა თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მიერ 2012-2013 წლების განმავლობაში განხორციელებული ქონების მართვისა და განკარგვის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა რიგი დარღვევა-ნაკლოვანებები, კერძოდ:

ქ. ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე ოთხი მიწის ნაკვეთის ერთ ლოტად საკუთრებაში განკარგვაზე გამოცხადებული აუქციონის პირობებით, გამარჯვებული პირი იღებდა ვალდებულებას, საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე, არაუგვიანეს 2012 წლის 1 ივლისისა დაეწყო და არაუგვაინეს 2012 წლის 1 ოქტომბრისა დაესრულებინა თანამედროვე ტიპის ბაზრობის მშენებლობა, მათ შორის, ქ. ბათუმში, პუშკინის ქ. N37/39-ში მდებარე 1 225 მ2 მიწის ნაკვეთზე - არანაკლებ 40 ავტომანქანისთვის პარკირების ადგილის მოწყობის ვალდებულებას. დადგენილი პირობებით, მყიდველს თანამედროვე ტიპის ბაზრობის მშენებლობა უნდა განეხორციელებინა 544 მ2 მიწის ნაკვეთებზე, რაც, მიწის ნაკვეთების განლაგების გათვალისწინებით, ნაკლებად შესაძლებელია. აუქციონში გაიმარჯვა შპს-მ „ჰოლანდიური სახლი ბათუმი“. აღნიშნული მიწის ნაკვეთების საკუთრებაში განკარგვასთან დაკავშირებით განხორციელებული პროცედურები ზღუდავს საჯარო ქონების პრივატიზების მიზნების მიღწევის  შესაძლებლობებს და ხელს უშლის ეფექტურ კონკურენციას.

ბათუმის  საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, ქ. ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე სამი მიწის ნაკვეთის საკუთრებაში განკარგვაზე გამოცხადდა პირობის გარეშე აუქციონი. აუქციონის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2013 წლის 24 აპრილი. აუქციონის ჩატარების დღეს, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, შეწყვეტილი იქნა აუქციონები. აუქციონის შეწყვეტის მომენტისთვის ორ ლოტებზე შემოტანილი იყო განაცხადები („ბე“-ს სახით გადახდილი თანხა შეადგენდა 315 000 ლარს). აუქციონის შეწყვეტით განუხორციელებელია მოსალოდნელი ინვესტიციები, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობები, აუქციონზე ერთი მონაწილის პირობებში, შემცირდა არანაკლებ 1 061 500 ლარით.

აღნიშნულ ხარვეზებთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაცემულ იქნა შესაბამისი რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებაც ხელს შეუწყობს თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვის პროცესის გაუმჯობესებას.

იხ. ანგარიშის სრული ვერსია