აუდიტის დეპარტამენტმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განახორციელა თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების 2012 წლის ფინანსური და შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა რიგი დარღვევა-ნაკლოვანებები, კერძოდ:
ბათუმის მერიამ სახანძრო შენობების სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, ელექტრონული ტენდერის საშუალებით ხელშეკრულება გაუფორმა შპს "ბანს". ხელშეკრულებაში თამარის დასახლებაში მდებარე სახანძრო შენობის შიდა კედლების სამღებრო სამუშაოებთან დაკავშირებით, სათანადო დასაბუთების გარეშე, შეტანილ იქნა ცვლილება, რომლითაც სამუშაოების დასრულების ვადა 2012 წლის 1 აგვისტოდან გაგრძელდა 2012 წლის 15 აგვისტომდე. ხელშეკრულების ვადის დაუსაბუთებელი გაგრძელების შედეგად, თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში არ იქნა მიმართული მიმწოდებლისათვის დასარიცხი პირგასამტეხლო - 8 923 ლარის ოდენობით.
ბათუმის მერიის 14 თანამშრომელზე ზედმეტად დარიცხული და გაცემულია 3 976 ლარის ოდენობის ხელფასი. ზედმეტობა ძირითადად გამოწვეულია საანგარიშო თვეში თანამდებობრივი სარგოსა და საშვებულებო ანაზღაურების ერთდროულად დარიცხვის გამო.
აღნიშნულ ხარვეზებთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაცემულ იქნა აუდიტის ანგარიში და შესაბამისი რეკომენდაციები.
