თბილისში, უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის საერთაშორისო გაერთიანების (INTOSAI) სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს, სერბეთის, ბულგარეთის, აზერბაიჯანის, ყირგიზეთის და ყაზახეთის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლების მონაწილეობით შეხვედრა INTOSAI-ის განვითარების ინიციატივის (IDI) ფარგლებში შედგა.
IDI-ის პროგრამის „სტრატეგია, საქმიანობის შეფასება და ანგარიშგება (SPMR)“ მიზანია აუდიტორულმა უწყებებმა ეფექტიანობის შეფასების სისტემის (PMF) საშუალებით, თავად შეაფასონ საკუთარი საქმიანობა და დაისახონ სამომავლო მოქმედების სტრატეგია ეფექტიანობის გაძლიერების მიზნით.
სამუშაო ჯგუფის მონაწილეებს გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა და INTOSAI-ის განვითარების ინიციატივის (IDI) გენერალური დირექტორის მოადგილემ ოლა ჰოემმა (Ola Hoem) მიმართეს.
ირაკლი მექვაბიშვილი მიესალმა IDI-ს პროგრამის მხარდაჭერას, რომლის ამოცანაა ხელი შეუწყოს უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციებს, ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების საჭიროებების გამოვლენისა და ეფექტური სტრატეგიული მენეჯმენტის დაგეგმვის პროცესში.
გენერალურმა აუდიტორმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2017 წლიდან აქტიურად იყენებს ეფექტიანობის შეფასების სისტემას (PMF) სამსახურის საქმიანობის შიდა შეფასებისთვის, როგორც სტრატეგიულ, ასევე ოპერაციულ დაგეგმვის პროცესში.
ირაკლი მექვაბიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ასევე გააცნო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით განხორციელებული მიღწევები.
IDI-ის პროგრამაში „სტრატეგია, საქმიანობის შეფასება და ანგარიშგება (SPMR)“ ჩართულია INTOSAI-ის წევრი 15-მდე უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაცია.
სამუშაო ჯგუფის შეხვედრები INTOSAI-ის წევრ ქვეყნებში პერიოდულად იმართება, სადაც უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციები საქმიანობის შეფასების (SAI PMF) ანგარიშს წარმოადგენენ და მაღალი ხარისხის სტრატეგიული და ოპერაციული დაგეგმვის პროცესის ჩამოყალიბებაში, საქმიანობის მონიტორინგისა და ანგარიშგების ინტეგრირებული მექანიზმების შექმნის ახალ სტრატეგიებს გეგმავენ.


