სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დელეგაცია, გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ხელმძღვანელობით, სლოვენიის რესპუბლიკის აუდიტორულ სასამართლოს (CoA) სტუმრობდა (2012 წლის 19-22 ნოემბერი).
ვიზიტი, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით განხორციელდა, მიზნად ისახავდა ეფექტიანობის აუდიტის დანერგვა- განხორციელების კუთხით სლოვენური გამოცდილების გაზიარებას. ვიზიტის ფარგლებში განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: ეფექტიანობის აუდიტის დანერგვის პროცესი, მისი სახეობები და თავისებურებები, აუდიტორთა შერჩევისა და სწავლების სტრატეგია, ეფექტიანობის აუდიტის მნიშვნელობა საჯარო ფინანსების მართვის პროცესში და კომუნიკაცია დაინტერესებულ მხარეებთან.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრები მასპინძელი ორგანიზაციის პრეზიდენტთან, იგორ შოლტესთან, ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსთან, მიროსლავ კრანცთან, ამავე დეპარტამენტის აუდიტორებთან.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს სლოვენიის პარლამენტის საჯარო ფინანსების კონტროლის კომისიის (CPFC) თავმჯდომარესთან, ალენკა ბრატუშეკთან, ასევე საფინანსო სასწავლო ცენტრის (CEF) დირექტორთან, მირა დობოვიჩეკთან და პროგრამის მენეჯერებთან. .შეხვედრების მთავარი თემები გახლდათ: პარლამენტისა და უმაღლესი აუდიტორული ორგანოს თანამშრომლობა, აუდიტის ანგარიშების მნიშვნელობა, ეფექტიანობის აუდიტის როლი და საჯარო ფინანსების კუთხით სასწავლო პროგრამების გაცნობა.
