სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის უმაღლესმა აუდიტორულმა ორგანიზაციამ, მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების საკონტაქტო კომიტეტის და კანდიდატი ქვეყნების ქსელის შეხვედრაში, რომელიც ვარშავაში პოლონეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის მასპინძლობით გაიმართა.
ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების ასამბლეის მეკავშირე ოფიცრების შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს 2022-2025 წლების სამუშაო გეგმის საკითხები, ეფექტიანობის აუდიტის განვითარების ხუთწლიანი პროგრამა, შვედეთის მხარის მიერ მხარდაჭერილი ინიციატივები, როგორიცაა: პარალელური აუდიტები, მონაცემთა ანალიზის გამოყენება აუდიტის პროცესში და ა.შ.
ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების ასამბლეის მეკავშირე ოფიცრების ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი შუალედური ღონისძიება იყო შემოდგომაზე დაგეგმილი კონფერენციის მოსამზადებლად, რომლის მთავარი თემა იქნება კონკურენტუნარიანობა, როგორც განვითარების საფუძველი.
ევროკავშირის ქვეყნების უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების საკონტაქტო კომიტეტის შეხვედრაზე ასამბლეის წევრებმა იმსჯელეს კომიტეტის ფარგლებში არსებული სხვადასხვა სამუშაო ჯგუფის საქმიანობაზე, თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იყო საკონტაქტო კომიტეტის თანამშრომლობის ახალი ჩარჩო და ვებგვერდის კონცეფცია.
შეხვედრებს ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების 60-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სახელმწიფო ბიუჯეტისა და სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტის უფროსი ცოტნე ქარქაშაძე და დონორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო კერესელიძე წარმოადგენდნენ.


