სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ეფექტიანობის აუდიტის ტრენინგი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების აუდიტორებისთვის 13 სექტემბერი, 2019

 აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტის ფარგლებში საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანის, ბელორუსისა და სომხეთის უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტების წარმომადგენლებისთვის, ბათუმში, ეფექტიანობის აუდიტის   ტრენინგი ჩატარდა.

ოთხდღიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში, აუდიტორებმა განიხილეს ეფექტიანობის აუდიტის პრინციპები, უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტების საერთაშორისო სტანდარტები, ეფექტიანობის აუდიტის თემის შერჩევა, წინასწარი შესწავლის დაგეგმვა და აღსრულება, მონაცემთა ანალიზის სახეები, აუდიტის ანგარიშის შემუშავება, რეკომენდაციების შესრულება ეფექტიანობის აუდიტში.

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის  ქვეყნების აუდიტორული უწყებების თანამშრომლებს ეფექტიანობის აუდიტის წარმოების გამოცდილება გაუზიარეს.  ტრენინგის მონაწილეებმა თეორიული სწავლების გარდა ჯგუფური მუშაობის ფორმატში  პრაქტიკული დავალებებიც შეასრულეს.

სასწავლო პროგრამას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი სოფიო დვალიშვილი უძღვებოდა.

ტრენინგი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამა - აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტების შესაძლებლობების განვითარების პროექტის ფარგლებში ჩატარდა.