სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კაპანაძემ მონაწილეობა მიიღო და საქმიანობის პრეზენტაცია წარადგინა ეფექტიანობის აუდიტთან დაკავშირებულ ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელიც უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციის - INTOSAI-ის ფარგლებში იოჰანესბურგში გაიმართა.
კონფერენციაზე ძირითად საკითხად განიხილებოდა INTOSAI-ის ეფექტიანობის აუდიტის ქვეკომიტეტის 2017-2019 წლების სამოქმედო გეგმა და INTOSAI-ის 2020-2025 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმის ფორმირება. დისკუსია შეეხო უმაღლესი აუდიტორული ორგანოების როლს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) განხორციელებაში, ასევე კონფერენციის მონაწილეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები მონაცემთა ანალიზისა და IDI-ს მიერ მომზადებული ეფექტიანობის აუდიტორების პროფესიული კვალიფიკაციის ჩარჩო დოკუმენტის შესახებ.
ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კაპანაძემ კონფერენციის დელეგატებთან ისაუბრა ეფექტიანობის აუდიტის ქვეკომიტეტის მორიგ შეხვედრაზე, რომელსაც 2020 წელს თბილისი უმასპინძლებს.
კონფერენციას მსოფლიოს მასშტაბით 15 უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუციის წარმომადგენლები და საერთაშორისო ორგანიზაციების (IDI, ევროპის აუდიტორული სასამართლო, AFROSAI) წევრები ესწრებოდნენ.
