სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ბანკის და ევროკავშირის „ეკონომიკური მმართველობის და ფისკალური ანგარიშვალდებულების პროგრამის“ დახურვის ღონისძიებაში, რომელსაც მსოფლიო ბანკის და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროგრამა სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და ფინანსთა სამინისტროში განხორციელდა და ამ ორგანიზაციების ინსტიტუციურ შესაძლებლობათა გაძლიერებას ისახავდა მიზნად.
„პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შედეგები მივიღეთ. მსოფლიო ბანკის ექსპერტული ჩართულობით მომზადდა აუდიტორთა ჯგუფი, რომელიც მომავალი წლიდან მთავრობის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტს ჩაატარებს, ასევე პროექტის მხარდაჭერით სამსახურმა 2022 წელს პირველად განახორციელა საგადასახადო შემოსავლების ფინანსური აუდიტი, რომელიც წელს უკვე განმეორებით ტარდება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს საერთაშორისო აუდიტორულ კომპანია EY-თან პროდუქტიული თანამშრომლობა IT აუდიტის მიმართულებით, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული კუთხით“, აღნიშნა გენერალურმა აუდიტორმა.
პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერების ტექნიკური დახმარების პროექტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
პროექტის შედეგებზე პრეზენტაციები წარადგინეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის და ფინანსთა სამინისტროს დეპარტამენტების წარმომადგენლებმა.
