სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ანტიკორუფციული ქსელის (OECD-ACN) რიგით მე-15 პლენარული სხდომა 24 მარტი, 2015

23-24 მარტს, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის  აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ანტიკორუფციული ქსელის (OECD- ACN)   ორგანიზებით პარიზში გაიმართა  რიგით  მე-15 პლენარული სხდომა.

პლენარულ სხდომაზე  საქართველო წარმოადგინა  კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის  უწყებათაშორისი  საკოორდინაციო   საბჭოს სამდივნომ და  სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა.

სხდომა მიმდინარეობდა ორ ეტაპად.  პირველ ეტაპზე განხილულ იქნა ყირგიზეთისა და უკრაინის  მესამე  რაუნდის მონიტორინგის  ანგარიშები  და   ანტიკორუფციული ქსელის დანარჩენ  წევრ სახელმწიფოებზე- სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, ყაზახეთი, მონღოლეთი, ტაჯიკეთი,  უზბეკეთი,  გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროგრესი. რეკომენდაციების შესრულების პროგრესი შეაფასეს ანტიკორუფციული  ქსელის წევრმა სახელმწიფოებმა, შეფასების მისიის   ექსპერტებმა და ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. საქართველო მონიტორინგს უწევდა უზბეკეთისა და სომხეთისათვის გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროგრესს.

მეორე ეტაპზე  მოსმენილ იქნა  დამოუკიდებელი ექსპერტების  მიერ მომზადებული ანტიკორუფციული ქსელის (ACN)  სამუშაო პროგრამის განხორციელების  შეფასების ანგარიში. ასევე განხილული იქნა  ანტიკორუფციული ქსელის (ACN)  2016-2019  წლების ახალი სამუშაო პროგრამა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგების ამსახველი ანგარიში.                                                                                        

პლენარულ სხდომაზე საქართველოს  მიერ  ანტიკორუფციული კუთხით გატარებული  რეფორმები და რეკომენდაციების შესრულების პროგრესი  მათ შორის საჯარო ფინანსებისა და სახელმწიფო შესყიდვების სფეროში  შეფასდა  პოზიტიურად. კორუფციასთან ბრძოლის მიზნით  გატარებული რეფორმები და გაცემული რეკომენდაციები ემსახურება სახელმწიფოს ფინანსური რესურსების მართვისა და შიდა ფინანსური  კონტროლის გაუმჯობესებას, ბიუჯეტის დაგეგმვისა და ხარჯვის პროცესში ანგარიშვალდებულებისა და გამჭირვალობის უზრუნველყოფას.