სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ფინანსური აუდიტის ანგარიში 15 მაისი, 2015

(მნიშვნელოვანი დარღვევები)

1. საბუღალტრო აღრიცხვა აუდიტის პერიოდში არ წარმოებდა ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბერს დამტკიცებული N1321 ინსტრუქციის შესაბამისად;

3. 2014 წლის მაისში პირადი განცხადების საფუძველზე განთავისუფლდა ორი თანამშრომელი, რომელთა პრემირებაც განხორციელდა გათავისუფლების დღეს. ერთ-ერთს პრემიის სახით მიეცა თანამდებობრივი სარგოს ოდენობის 182%-ი, ხოლო მეორეს 263%-ი. ასევე, 2014 წლის აპრილში გათავისუფლებულია დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც გათავისუფლებამდე ერთი კვირით ადრე მიღებული აქვს პრემია და დანამატი საერთო ჯამში თანამდებობრივი სარგოს ოდენობის 277%. საგულისხმოა, რომ საჯარო სამსახურში მოხელეთა პრემირების მიზანს წარმოადგენს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა წახალისების და მოტივაციის გაზრდა, თუმცა აპარატის მხრიდან ზემოაღნიშნულის საპირისპიროდ, თანამშრომელთა პრემირება იზრდებოდა მაშინ, როდესაც თანამშრომელთა სხვა სამსახურში გადასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო.

4. აუდიტის ჯგუფისთვის გაუგებარია, როგორ მოხდა პირველი ივლისის მდგომარეობით გარკვეულ თანამშრომელთა წრისთვის მომავალში შესასრულებელი ზეგანაკვეთური და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის წინასწარი გაანგარიშება, რომელიც ფაქტიურად ყოველთვიურად თანხვედრაში იყო მათ მიერ გაწეული ზეგანაკვეთურ შრომასთან. აუდიტის ჯგუფისთვის ვერ იქნა მოწოდებული ვერანაირი დამატებითი დოკუმენტი, რაც თვალსაჩინოს გახდიდა აპარატის იმ თანამშრომლებზე დამატებითი საპასუხისმგებლო ფუნქციების დაკისრებას და მათ ჯეროვნად შესრულებას, რაც გაამართლებდა 2014 წლის 1 ივლისის შემდეგ 770%-ით გაზრდილი დანამატების გაცემის საჭიროებას და აუცილებლობას. 

5. 2014 წლის განმავლობაში TOYOTA LandCruiser 200-ზე ფაქტიურად გაწეულია 15817 ლიტრი საწვავის ხარჯი, ხოლო 2013 წელს (ავტომობილის გადმოცემის შემდეგ) 6166 ლიტრი საწვავის ხარჯი. აღსანიშნავია, რომ აუდიტს დაქვემდებარებულ პერიოდში აპარატის მიერ ავტომობილების (ე.წ. ოდომეტრების) გავლილი მანძილის აღრიცხვა არ წარმოებდა. აუდიტის ჯგუფის მიერ გამოთვლილი იქნა გასავლელი მანძილი, ფაქტიურად მოხმარებული საწვავის ოდენობაზე დაყრდნობით, ტექნიკური პასპორტის მონაცემების გათვალისწინებით და მაქსიმალური წვის კოეფიციენტით დაანგარიშებით დადგინდა, რომ TOYOTA Land Cruiser 200-ის მინიმალური გარბენი უნდა ყოფილიყო 165900 კილომეტრი, თუმცა როგორც სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ მომზადებული დასკვნით დგინდება, 2015 წლის 18 თებერვალს ხსენებული სატრანსპორტო საშუალების გარბენი შეადგენდა 104500 კილომეტრს. ავტომობილის ოდომეტრის ჩვენების თანახმად, გარბენმა ფაქტობრივად გაწეული საწვავის ხარჯთანა მიმართებაში მინიმუმ 61400 ათასი კილომეტრით ნაკლები შეადგინა. აღნიშნული შეუსაბამობის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით, ჩატარდა სხვა ალტერნატიული პროცედურა. კერძოდ: აპარატზე საწვავის მიმწოდებელი კომპანიიდან მოწოდებული იქნა ინფორმაცია, აპარატის კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებებზე საწვავის შევსების შესახებ, კონკრეტული დროისა და რაოდენობების მითითებით. მიღებული ინფორმაცია შედარებული იქნა აპარატის შესაბამისი თანამდებობის პირის ქვეყნის გარეთ მივლინებაში ყოფნის პერიოდთან და დადგინდა, რომ მივლინებული პირის საქართველოს ტერიტორიაზე არ ყოფნისას მასზე, მიმაგრებულ (TOYOTA LandCruiser 200 სახ. ნომრით FCF 778) ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე სისტემატიურად ხდებოდა საწვავის შევსება. ხსენებულ პირობებში ჩასხმულია 3616 ლიტრი საწვავი.
ანალოგიურ ვითარებაში, ავტომობილ MITSUBISI Pajero სახ. ნომრით XCX 070 -ჩასხმულია 2497 ლიტრი საწვავი, ხოლო ავტომობილში LEXUS LS460 სახ. ნომრით LYL 767 ჩასხმულია 865 ლიტრი საწვავი.

6. 2014 წლის 26 მარტს აპარატსა და შპს „ჰორიზონტ ტვ სტუდიოს“ -ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ორი დღის განმავლობაში სატელევიზიო სპეცტექნიკით (განათებით) მომსახურებაზე, ღირებულებით 1.4 ათასი ლარი. ამავე წლის 10 ივნისს აპარატის მიერ ქ. ბათუმში 10-11 ივნისს გამართული XI საერთაშორისო კონფერენციის „საქართველო ევროპული გზა“ ორი დღის განმავლობაში განათებით უზრუნველყოფისთვის ხელშეკრულება გაფორმდა შპს „ალფა სტუდიო“-სთან, ღირებულებით 8.2 ათასი ლარი, რითაც წინა ხელშეკრულებასთან შედარებით მომსახურების ღირებულება გაძვირდა 4.5-ჯერ, მაშინ როდესაც აპარატს ჰქონდა გამოცდილება მსგავსი მომსახურების შესყიდვისა. აუდიტის ჯგუფისთვის მოწოდებული დოკუმენტაციით არ დგინდება აპარატის მხრიდან ჩატარდა თუ არა ფასთა გამოკითხვა, თუნდაც იმ კომპანიასთან ვისთანაც, როგორც უკვე ავღნიშნეთ, სამი თვით ადრე ჰქონდა მიღებული მომსახურება.

7. ქვეყნის გარეთ მივლინებების აუდიტით გამოვლინდა სხვადასხვა ტიპის დარღვევები, რის შედეგადაც 2014 წლის განმავლობაში აპარატის თანამშრომლებზე ზედმეტად გაცემულმა სამივლინებო თანხამ სულ 5.6 ათასი ლარი შეადგინა.

სრული ანგარიში