სახელმწიფო აუდიტის სამსახური

გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2013-2014 წლების საფინანსო ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი 26 ოქტომბერი, 2015

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2013-2014 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა არსებითი ხასიათის სხვადასხვა დარღვევა-ნაკლოვანება:

  • 2013-2014 წლების მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში არასწორად არის კლასიფიცირებული 1100.6 ათასი ლარის სხვადასხვა ოპერაცია.
  • კანონმდებლობის შესაბამისად, ტენდერების ჩატარების შემთხვევაში, 2013-2014 წლებში მუნიციპალიტეტს შეეძლო დაეზოგა, სავარაუდოდ, 29.2 ათასი ლარი.
  • 2013 წელს გზების კაპიტალური მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე, მუნიციპალიტეტმა დაკარგა 136.0 ათასი ლარის საგარანტიო თანხის მოთხოვნის უფლება და ექსპერტიზით დადასტურებულ უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოში გადაიხადა 279.5 ათასი ლარი.
  • 2013 წელს ჩატარებული გზების კაპიტალური მოწყობის სამუშაოების დროს, დოკუმენტურად არ დადასტურდა დაახლოებით 91.8 ათასი ლარის მასალის გამოყენება.
  • 2013 წელს მთავრობის განკარგულებით სპორტდარბაზის მშენებლობისათვის გამოყოფილი თანხა - 224.9 ათასი ლარი დაიხარჯა სრულად, თუმცა ობიექტი დაუსრულებელია და მოსახლეობა ვერ სარგებლობს აღნიშნული სიკეთით.
  • 2014 წელს მუნიციპალიტეტმა ჭაბურღილის მოწყობაზე დახარჯა 89.9 ათასი ლარი. ობიექტის ექსპლუატაციაში გაშვებიდან მოსახლეობის ნაწილს წყალი არ მიეწოდებოდა.
  • 2013-2014 წლებში სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული გზით შესყიდვის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მიერ 4 017.0 ათასი ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოები ანაზღაურებულია კანონმდებლობის დარღვევით.
  • 2013-2014 წლებში მუნიციპალიტეტის მიერ მიმწოდებლებზე დაურიცხავი პირგასამტეხლოს სახით მიუღებელმა შემოსავალმა შეადგინა 648 ათას ლარზე მეტი.
  • მუნიციპალიტეტმა ვერ დაასაბუთა, რამდენად იყო შტატგარეშე მოსამსახურეთა მაღალი რიცხოვნობა (2013 წ - 173, 2014 წ - 245 პირი) ობიექტური საჭიროებით განპირობებული. შედეგად, გაწეულია 1 784.3 ათასი ლარის დაუსაბუთებელი ხარჯი.
  • 2013-2014 წლებში მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებზე, რომლებიც არ არიან თანამდებობის პირები, გაცემული ჯამური თანხა 84.6 ათასი ლარი, არასწორადაა ჩამოწერილი ხარჯებში, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე.
  • 2013-2014 წლებში მუნიციპალიტეტს დასუფთავების მოსაკრებელი არ მიუღია, რადგან არ ხდებოდა დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირება.
  • სასაფლაოების მოვლა-პატრონობის მომსახურებაზე, 2014 წელს მუნიციპალიტეტმა ა(ა)იპ-ის სუბსიდიური დაფინანსებით მიიღო არაეკონომიური გადაწყვეტილება, რადგან 2013 წელს ტენდერით შესყიდვისას გადაიხადა 11.7 ათასი ლარით ნაკლები.
  • მუნიციპალიტეტის მიერ შესაძლებელია განხორციელდეს ა(ა)იპ-ებისა და მასში არსებული საშტატო ერთეულების ოპტიმიზაცია, რათა გაიზარდოს მათი საქმიანობის პროდუქტიულობა და მოხდეს საბიუჯეტო რესურსების რაციონალური გამოყენება.
  • 2013-2014 წლებში მუნიციპალიტეტს არ ჰქონდა შემუშავებული სოციალური პროგრამების დაფინანსების წესი და ბენეფიციართა შეფასების კრიტერიუმები.
  • მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობების ნაწილს - 35 ობიექტს, კომერციული საქმიანობისათვის იყენებენ არაუფლებამოსილი პირები, ხოლო ფართით სარგებლობისათვის ბიუჯეტში შესაბამის საფასურს არ იხდიან.
  • 2013-2014 წლებში მუნიციპალიტეტში ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარება 2 ობიექტზე განხორციელდა კანონდარღვევით.
  • გამოვლინდა 1 ერთეული სატრანსპორტო საშუალების დანაკლისი, თუმცა საინვენტარიზაციო კომისიის მასალებში ფაქტობრივ ნაშთებშია აღრიცხული.
  • 2013 წელს მუნიციპალიტეტმა შეისყიდა აუდიტორული მომსახურება, თანხით 4.0 ათასი ლარი. კერძო აუდიტის ანგარიში არ მოიცავს იმ დარღვევა-ნაკლოვანებებს, რომლებიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ იქნა იდენტიფიცირებული.

სრული ანგარიში