სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კაპანაძემ მენტორის როლით მონაწილეობა მიიღო სამუშაო შეხვედრაში, რომელიც INTOSAI IDI-ს პროექტის „თანაბარი მომავლის აუდიტის“ (EFA) ფარგლებში ტუნისში ჩატარდა.
პროექტი „თანაბარი მომავლის აუდიტი“ IDI-ს ერთ-ერთი ახალი, მიმდინარე პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ეროვნულ დონეზე აუდიტორულ საქმიანობაში მოწყვლად ჯგუფებზე, სოციალურ და ინკლუზიურ თემებზე ორიენტირებას, რათა აუდიტების მეშვეობით შესაძლებელი გახდეს ყველა პოპულაციისა თუ სოციალური ჯგუფის მომავლის თანაბრად გაუმჯობესება.
EFA-ს პროექტი ჩართულ ქვეყნებს ორი მიმართულებით აძლიერებს - სტრატეგიული დაგეგმვა, რათა აუდიტმა მეტი მოწყვლადი ჯგუფი და პრობლემური საკითხი დაფაროს და მეორე - IDI-ს ექსპერტების ჩართულობა მენტორის როლით უშუალოდ აუდიტების განხორციელების პროცესში.
ტუნისში გამართულ სამუშაო შეხვედრას 30 ე.წ.ცვლილებების კოორდინატორი ესწრებოდა, რომლებიც თავიანთ აუდიტორულ ინსტიტუციებში EFA-ს პრინციპების გატარებაზე პასუხისმგებელი პირები არიან. ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კაპანაძემ ვორკშოფის მონაწილეებისთვის, ტრენინგკურსის მოდული მოამზადა და ფასილიტაცია გაუწია აქტუალურ სოციალურ საკითხებზე აუდიტების წარმოების თემას. პროექტის ფარგლებში ის მონაწილე ქვეყნებს, როგორც მენტორი, აუდიტის სტრატეგიულ დაგეგმვასა და აუდიტის განხორციელებაშიც დაეხმარება.
„თანაბარი მომავლის აუდიტის“ (EFA) პროექტში ჩართულები არიან ბრაზილიის, ეგვიპტის, ინდონეზიის, კოსოვოს, მალდივის, მავრიტანიის, ნეპალის, პაკისტანის, პალესტინის, ფილიპინების, სერბეთის, ტაილანდის, ტუნისის, ტუვალუსა და ვანუატუს უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტების თანამშრომლები. ტუნისში ჩატარებულ სამუშაო შეხვედრაზე მათი მენტორები იყვნენ და ტრენინგკურსი ჩაატარეს საქართველოს, აშშ-ს, კენიის და ფილიპინების უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტების ექსპერტებმა.