გენერალურმა აუდიტორმა ცოტნე ყავლაშვილმა პარლამენტს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშში ასახულია აუდიტორული და ორგანიზაციული საქმიანობის ძირითადი შედეგები და სამსახურის სტრატეგიული განვითარების შემდგომი ხუთწლიანი გეგმა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2022 წელს ჩაატარა 47 აუდიტი, მათ შორის: 14 − ფინანსური, 23 − შესაბამისობის, 3 − უწყებათაშორისი შესაბამისობის და 7 - ეფექტიანობის აუდიტი. ჩატარებული აუდიტებით დაიფარა 20 მლრდ ლარზე მეტი, რითაც შენარჩუნდა ნაერთი ბიუჯეტის დაფარვის 90%-იანი მაჩვენებელი. ჩატარებული აუდიტებით გამოვლენილი დარღვევების თანხობრივმა მაჩვენებელმა შეადგინა 24 მლნ ლარი, რაც მოიცავს საბიუჯეტო რესურსების, შესყიდვებისა და აქტივების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს. მაღალი რისკის შემცველი გარემოებებიდან გამომდინარე, შემდგომი რეაგირებისთვის პროკურატურას გადაეგზავნა 17 აუდიტის ანგარიშის შესაბამისი მასალა.
გენერალურმა აუდიტორმა პარლამენტში ასევე წარადგინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“. მოხსენებაში ასახულია სისტემური ხასიათის საკითხები, რომელთა გათვალისწინება მიზანშეწონილია ბიუჯეტის დაგეგმვის/შესრულების პროცესის სრულყოფის და სახელმწიფო სექტორის ფინანსური მართვის სისტემის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად.


