გენერალურმა აუდიტორმა ცოტნე ყავლაშვილმა მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელის კონფერენციაში „საჯარო შესყიდვების გარდაქმნა საქართველოში“ და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხრიდან სახელმწიფო შესყიდვების გაუმჯობესების მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.
„ჩვენ მუდმივად ვფარავთ სახელმწიფო შესყიდვებს თემატური აუდიტების ფარგლებში, ასევე ვატარებთ სახელმწიფო შესყიდვების მართვის უწყებათაშორის სისტემურ აუდიტებს, რომელიც ამ სფეროში არსებული რისკების უფრო ფართო ჭრილში დანახვის შესაძლებლობას გვაძლევს და გავცემთ მაღალი გავლენის რეკომენდაციებს, რომლებიც მიმართულია ამ სფეროში კონკურენციის, მონაწილეთა მიმართ სამართლიანი მიდგომის, ასევე პროცესის გამჭვირვალობის უფრო მაღალი ხარისხის უზრუნველყოფისკენ“, განაცხადა ცოტნე ყავლაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების საფუძველზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ შეიმუშავა სარეკომენდაციო დოკუმენტი, რომელმაც საგრძნობლად გააუმჯობესა სახელმწიფო შესყიდვების ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ეტაპი - ბაზრის კვლევის პროცესი.
გენერალურმა აუდიტორმა ასევე აღნიშნა, რომ სამსახური აუდიტორული საქმიანობის დაგეგმვის პროცესში დიდ ყურადღებას უთმობს სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ეფექტიან ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებს, რომელიც მიმართულია ამ სფეროში როგორც შიდა კონტროლის სისტემის ეფექტურობის გაზრდისკენ, ასევე მარეგულირებელი გარემოს გაუმჯობესებისკენ.
ღონისძიების ფარგლებში, უცხოური და დონორი ორგანიზაციების მიერ მოწვეულმა სფეროს უცხოელმა ექსპერტებმა კონფერენციის მონაწილეებს სხვადასხვა თემატური პრეზენტაცია წარუდგინეს.
კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მაღალი სტანდარტის დამკვიდრება, რაც ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე უმნიშვნელოვანესი პირობაა.
კონფერენციას „საჯარო შესყიდვების გარდაქმნა საქართველოში“ ასევე ესწრებოდნენ გენერალური აუდიტორის მოადგილეები სოფიო დვალიშვილი და ზაზა შეყილაძე, საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დირექტორი გელა წიკლაური.