სახელმწიფო აუდიტის სამსახური

წლიური ანგარიშის განხილვა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე 14 ივნისი, 2022

გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს სამსახურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა და 2018-2021 წლებში გაწეული საქმიანობის შედეგები გააცნო.

2021 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა 49 აუდიტი და ჯამურად დაფარა 16.5 მლრდ ლარზე მეტი. გაიზარდა ქვეყნის ნაერთი ბიუჯეტის თანხობრივი დაფარვის მაჩვენებელი და 90% შეადგინა, რის შედეგად სამსახურმა პირველად დააკმაყოფილა საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკით დადგენილი აუდიტის დაფარვის სტანდარტი. ამოქმედდა რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის ელექტრონული სისტემა (www.aris.sao.ge), რაც პარლამენტს საშუალებას აძლევს მონიტორინგი გაუწიოს აუდიტის ობიექტებისთვის გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროცესს. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გაიცა 2,800-ზე მეტი რეკომენდაცია, აქედან 32% - 2021 წელს. რეკომენდაციების 60% სრულად ან ნაწილობრივ არის შესრულებული, 31% კი მიმდინარეა.

გასულ წელს, 107 მლნ ლარი შეადგინა ჩატარებული აუდიტებით გამოვლენილი დარღვევების თანხობრივმა მაჩვენებელმა, რომელიც სისტემური ხასიათის ნაკლოვანებებს მოიცავს და უკავშირდება საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი, არაეკონომიური და არამიზნობრივი გამოყენების შემთხვევებს, ასევე შესყიდვებისა და აქტივების მართვის ნაკლოვანებებს.

2021 წელს, მაღალი რისკის შემცველი გარემოებებიდან გამომდინარე, შემდგომი რეაგირებისთვის სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნა 19 აუდიტის ანგარიშის შესაბამისი მასალა.