გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი, რიგაში, ლატვიის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 95-ე იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობასთან დაკავშირებული ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის გენერალურ აუდიტორს ელიტა კრუმინას შეხვდა. ორმხრივ შეხვედრებზე ორი ქვეყნის უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუციის ხელმძღვანელებმა თანამშომლობის განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
კერძოდ, გენერალურმა აუდიტორებმა განიხილეს გამოცდილების გაზიარების პერსპექტივები ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IPSAS) შესაბამისად მომზადებული ქვეყნის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება, ასევე შერჩეულ სფეროზე პარალელური აუდიტის ჩატარება, აუდიტორული საქმიანობის წლიური გეგმის შედგენის მეთოდოლოგია, რისკზე დაფუძნებული მიდგომები, ხარისხის უზრუნველყოფა და სხვა საკითხები.
თავის მხრივ ელიტა კუმინამ გამოთქვა მზადყოფნა, გაუზიაროს ქართულ მხარეს ლატვიის სახელმწიფო აუდიტის სამსახურში არსებული პრაქტიკები და სხვადასხვა მიმართულებით განავითაროს თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან.
საქართველოსა და ლატვიის სახელმწიფო აუდიტის სამსახურებს მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებთ. მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის თანამშრომლობის (Eastern Partnership) ფარგლებში და „გარე აუდიტის როლის გაზრდასთან“ დაკავშირებულ პროექტში.
ლატვიის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინიციატივით, აღმოსავლეთ პარტნიორობის თანამშრომლობის (Eastern Partnership) ფარგლებში, დაგეგმილია რამდენიმე სამუშაო შეხვედრის, სემინარისა და ვორკშოპის გამართვა პროექტში ჩართულ ქვეყნებთან, ასევე მაღალი რანგის ფორუმის ჩატარება 2018 წლის მეორე ნახევარში.
