პოლიტიკური პარტიების მიერ რეკლამის წინასწარი შესყიდვის მარეგულირებელ საკითხებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ განვმარტავთ: რეკლამის შესყიდვასთან დაკავშირებით გენერალური აუდიტორის ახალ ბრძანებაში (05.05.2016 წლის N2519/21) შევიდა გარკვეული სახის ცვლილება. კერძოდ, თუ თავდაპირველ რეგულაციაში (06.08.2012 წლის N137/37 ბრძანება) მოთხოვნილი იყო მინიმუმ 1 კვირის პერიოდის წინასწარ შესყიდვა, აღნიშნული ბრძანების ახალ რედაქციაში აღნიშნული ვადა დაფიქსირებული აღარ არის, რაც ნიშნავს, რომ პარტიებს შეუძლიათ შეისყიდონ ერთი დღის ან თუნდაც, 1 საათის სარეკლამო მომსახურება.
რადგან მნიშვნელოვანად მიგვაჩნია, რომ პარტიებს არ შეექმნათ პრობლემა სარეკლამო ან/და სატელევიზიო კომპანიების მხრიდან, ამიტომ ვაცხადებთ, რომ შესაძლებელია რეკლამის შესყიდვის ხელშეკრულება გაფორმდეს რამდენიმე თვის ვადით და პირობებში შესაძლებელია გათვალისწინებული იყოს გადახდის მოკლე პერიოდები, მაგალითად, 1 კვირა ან 1 დღე. ერთადერთი მოთხოვნა არის, რომ თანხა უნდა იყოს გადახდილი წინასწარ, რეკლამის ტელეეთერით ან სხვა საშუალებით გავრცელებამდე და ამასთან დაკავშირებული ინფორმაცია უნდა იქნეს წარმოდგენილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.
შესაბამისად, გარდა კონკრეტული პერიოდის წინასწარ გადახდის ვალდებულებისა, სხვა არანაირი მოთხოვნა ან შეზღუდვა არ არსებობს.
ამასთანავე აღვნიშნავთ, რომ ნებისმიერი დამატებითი შეკითხვის ან კონსულტაციის საჭიროების შემთხვევაში, ვაცხადებთ მზადყოფნას და გთავაზობთ სამსახურის შემდეგ საკონტაქტო საშუალებებს:
ცხელი ხაზი: 243 81 53 და ელექტრონული ფოსტა - cpu@sao.ge ან info-cpu@sao.ge