პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ განათლების სფეროში ჩატარებული აუდიტების ანგარიშები განიხილა.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემების (IT) და უმაღლესი განათლების პროგრამებისა და შრომის ბაზრის თავსებადობის აუდიტების ანგარიშებში განხილულია საკითხები, რამდენად პასუხობს განათლების მართვის ინფორმაციული სისტემა მოსწავლის, მშობლისა და მასწავლებლის საჭიროებებს და რამდენად შეესაბამება უმაღლესი განათლების პრიორიტეტები შრომის ბაზარს.
აუდიტორული მიგნებები და გაცემული რეკომენდაციები პარლამენტარებსა და დარგის სპეციალისტებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორებმა გააცნეს.
რეკომენდაციების შესრულების გეგმასთან დაკავშირებით, აუდიტის ჯგუფის წევრებს ინფორმაცია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებმა წარუდგინეს.
აუდიტის ჯგუფის სხდომას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, უმაღლესი განათლების და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ნინო წერეთელი, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის დირექტორი დიმიტრი ბერიძე ესწრებოდნენ. სახელმწიფო აუდიტის სამსახურს კი გენერალური აუდიტორის მოადგილე დავით გოგიჩაიშვილი, ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსი გიორგი კაპანაძე, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) აუდიტის სამსახურის უფროსი დავით შავგულიძე, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიამ ზაალიშვილი, აუდიტორები: ხათუნა აგულაშვილი და ნათია კუპატაძე წარმოადგენდნენ.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფმა წელს 7 ანგარიში განიხილა.
