სახელმწიფო აუდიტის სამსახური

„ბიუჯეტის მონიტორი“ - სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა OGP-ის სამიტის მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა 19 ივლისი, 2018

OGP-ს (ღია მმართველობის პარტნიორობა) მეხუთე, გლობალურ სამიტზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საჯარო ფინანსების გამჭვირვალობის  ინოვაციური ვებ-პლატფორმა - „ბიუჯეტის მონიტორი“ წარადგინა.

ღია მმართველობის პარტნიორობის სამიტის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლები  სხვადასხვა პანელზე გაეცნენ „ბიუჯეტის მონიტორის“ მუშაობის პრინციპს, მის შედეგებსა და  გამოწვევებს. პანელზე სახელწოდებით - „ბიუჯეტის გამჭვირვალობა განვითარებისთვის - გამოცდილების გაზიარება და ახალი შესაძლებლობები“ – მომხსენებელი  სახელმწიფო ბიუჯეტისა და სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტის უფროსი მარიკა ნაცვლიშვილი იყო. მან    საჯარო ფინანსების გამჭვირვალობის  კუთხით  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გამოცდილებაზე  და აუდიტის დაგეგმვის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ ისაუბრა.

მეორე პანელზე სახელწოდებით - „ციფრული ტექნოლოგიების გავლენა საჯარო სერვისების მიწოდების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობაზე“ - პრეზენტაცია წარმოადგინა   სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მთავარმა ანალიტიკოსმა გიორგი ჩაკვეტაძემ. შეხვედრები ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და დამსწრე ქვეყნების წარმომადგენლებმა ყველა საინტერესო კითხვაზე მიიღეს ამომწურავი პასუხი.

OGP-ს 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვალდებულებას წარმოადგენდა საჯარო ფინანსების ზედამხედველობის (საჯარო აუდიტის) პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ანალიტიკური პლატფორმის შექმნა, რაც ხელს შეუწყობდა ღია მმართველობის პარტნიორობის ძირითადი პრინციპების დანერგვას. ეს პრინციპებია - გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, მოქალაქეთა მონაწილეობა, ტექნოლოგია და ინოვაცია. ღია მმართველობის ხელშეწყობისა და საჯარო ფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად 2017 წლის მარტში ამოქმედდა ინოვაციური პლატფორმა - „ბიუჯეტის მონიტორი“, რომელმაც საერთაშორისო დონეზე დიდი ინტერესი გამოიწვია და  პარტნიორების აღიარება მოიპოვა. 

საქართველო, როგორც OGP-ის თავმჯდომარე ქვეყანა, მე-5 გლობალურ სამიტს 17-19 ივლისს მასპინძლობდა. მასში 76 ქვეყნის დელეგაცია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.