სახელმწიფო აუდიტის სამსახური

აჭარის ა/რ-ისა და გურიის რეგიონის მუნიციპალიტეტებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა 29 ივლისი, 2024

მუნიციპალიტეტებში ჩატარებულ აუდიტებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროცესში არსებული გამოწვევები და საჯარო ფინანსების მართვასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც ბათუმში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის და აჭარის ა/რ-ისა და გურიის რეგიონის მუნიციპალიტეტების, საკრებულოს და თვითმმართველობის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა. 

შეხვედრის მთავარი თემა იყო სისტემური ნაკლოვანებების გამომწვევი მიზეზები, რომლებიც ინფრასტრუქტურული პროექტების მართვას, ქონების ინვენტარიზაციას და განკარგვას, ადამიანური რესურსების მართვას, სახელმწიფო შესყიდვებს და ა.შ. უკავშირდება. 

შეხვედრას ბათუმის, ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედას, ხულოს, შუახევის, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მერიებისა და საკრებულოების 30-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. 2022-2023 წლებში აჭარის მუნიციპალიტეტებში 8 აუდიტი ჩატარდა და 73 რეკომენდაცია გაიცა. მათგან 44% შესრულებულია, ნაწილობრივ შესრულებულის სტატუსი აქვს 42%-ს და მიმდინარეა  - 14%.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, მუნიციპალიტეტებისა და მერიების წარმომადგენლებმა კონკრეტული შემთხვევებისა და საქმეების შესახებ დასვეს კითხვები და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლების აუდიტორული პოზიციები მოისმინეს. ასევე იმსჯელეს აქტუალური საკითხების ერთობლივი გადაჭრის გზებზე. 

სამუშაო შეხვედრას მოდერაციას უწევდა გენერალური აუდიტორის მოადგილე ზაზა შეყილაძე. აუდიტებში ასახული ძირითადი გამოწვევებისა და რეკომენდაციების შესახებ ისაუბრეს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა აჭარის ა/რ-ში კახაბერ კირტავამ და თვითმმართველი ერთეულების აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი მამრიკიშვილმა. რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის ელექტრონული პლატფორმა (ARIS.SAO.GE) მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს სახელმწიფო ბიუჯეტისა და სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტის უფროსმა ცოტნე ქარქაშაძემ წარუდგინა. საკრებულოსა და შიდა აუდიტის როლზე საჯარო ფინანსების მართვის ზედამხედველობის პროცესში ისაუბრა ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირმა გელანტია-ახვლედიანმა. მუნიციპალიტეტების საჭიროებებზე მორგებული პროფესიული განვითარების ტრენინგპროგრამების შესახებ შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დირექტორმა გელა წიკლაურმა.