სახელმწიფო აუდიტის სამსახური

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2014 წლის ფინანსური აუდიტი 08 აპრილი, 2015

აუდიტის დეპარტამენტმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ჩაატარა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2014 წლის ფინანსური აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი გარემოებები:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, 2014 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშგებო პერიოდის ბუღალტრულ ანგარიშგებაში, არასწორად და არასრულად აქვს წარდგენილი დანართი ფორმა N2, ფორმა N3 და ფორმა N5, რაც ფინანსურ აღრიცხვა-ანგარიშგებაში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს.

სმენის აპარატების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სმენის აპარატების ტექნიკური მახასიათებლების ქართული თარგმანის ავთენტურობა აუდიტის ჯგუფის მიერ გადამოწმებული იქნა სატენდერო წინადადებაში მითითებულ მწარმოებელი კომპანიის ვებ-გვერდზე. ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სასმენი აპარატების ტექნიკური მონაცემები შეუსაბამოა სამინისტროს მიერ განსაზღვრული ტექნიკური დავალების პარამეტრებთან.

სამინისტროს აპარატის გულის ქირურგიის ქვეპროგრამის ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების შესრულების, აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ანაზღაურების წესის თანახმად, პაციენტის მოთხოვნით, განსხვავებული სტენტის გამოყენების შემთხვევაში, სტენტის ღირებულებას მთლიანად ფარავს პაციენტი. ასეთ შემთხვევაში, ანგიოპლასტიკა ფინანსდება ქვეპროგრამით გათვალისწინებული პროპორციის დაცვით, სტენტის ღირებულების გამოკლებით. ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული ხარჯების შერჩევითი აუდიტით აღინიშნა შემთხვევა, როდესაც ქვეპროგრამის ბენეფიციარს გაეწია ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურება, ხოლო შესაბამისი ხარჯთაღრიცხვით დგინდება, რომ გამოყენებულია განსხვავებული (ძვირადღირებული) სტენტი. შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებას სამინისტროსგან უნდა მოეთხოვა გაწეული მომსახურების ანაზღაურება სტენტის საფასურის გამოკლებით, რაც არ განუხორციელებია.

აღნიშნულ ხარვეზებთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაცემული იქნა შესაბამისი რეკომენდაციები.

იხ. ვრცლად:

სრული ანგარიში

სარეკომენდაციო წერილი