სახელმწიფო აუდიტის სამსახური

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს 2014 წლის ფინანსური აუდიტი 26 მარტი, 2015

აუდიტის დეპარტამენტმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ჩაატარა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2014 წლის ფინანსური აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი გარემოებები:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს, 2014 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშგებო პერიოდის ბუღალტრულ ანგარიშგებაში, არასწორად და არასრულად აქვს წარდგენილი დანართი ფორმა N1, ფორმა N2, ფორმა N2-2, ფორმა N3 და ფორმა N5, რაც ფინანსურ აღრიცხვა-ანგარიშგებაში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს.

უმაღლესი საბჭოს ბალანსზე რიცხულ 20 ერთეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გაწეულმა სათადარიგო ნაწილების, შეკეთების, ტექნიკური მომსახურების და სხვა ხარჯებმა, გარდა საწვავისა, შეადგინა 88 661 ლარი, საიდანაც 22 351 ლარი გახარჯულია მაღალი გამავლობის, 2009 წელს გამოშვებული, 20 063 ლარის ნარჩენი საბალანსო ღირებულების ავტომანქანა TOYOTA PRADO-ს ექსპლუატაციასა და მოვლა-შენახვაზე.

ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გამოცხადებული გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ტექნიკური პირობის შესაბამისად, შესყიდვის საგანს წარმოადგენდა მსუბუქი მაღალი გამავლობის, მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ახალი ავტომობილი. დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაციით დგინდება, რომ უმაღლესი საბჭოსთვის მიწოდებული იქნა ავტომანქანა KIA SPORTAGE ავტომატური გადაცემათა კოლოფით, რაც შეუსაბამოა სატენდერო მოთხოვნებთან და შესყიდვების მართვაში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაცემული იქნა შესაბამისი რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებაც ხელს შეუწყობს საჯარო ფინანსების მართვის პროცესის გაუმჯობესებას.

იხ. ვრცლად:

სრული ანგარიში

სარეკომენცადიო წერილი