აუდიტის დეპარტამენტმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განახორციელა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2014 წლის ფინანსური აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევა- ნაკლოვანებები:
ა(ა)იპ ,,აგროსერვის ცენტრის“ მიერ, 5 შემთხვევაში, 698 500 ლარის ღირებულების სამუშაოების ხარჯთაღრიცხვები საერთოდ არ იქნა გამოყენებული, რაც საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიან განკარგვაზე მიუთითებს.
დაბა ჩაქვში, ციტრუსოვანთა სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე მდებარე არსებული შენობა-ნაგებობის სახურავის დაშლისა და ახალი სახურავის მოწყობის სამუშაოებმა შეადგინა 10 788 ლარი, თუმცა წარმოდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ აღნიშნული შენობის მშენებლობა განხორციელებულია 2013 წელს და სახურავის მოწყობის სამუშაოებისათვის გახარჯული იყო 8 737 ლარი, რაც საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიკურ განკარგვაზე მიუთითებს.
ა(ა)იპ ,,აგროსერვის ცენტრმა“, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით, შპს ,,ბითი ტრანსიდან“ შეისყიდა 61 444 ლარის ღირებულების მეორადი ავტომანქანა, აუდიტის პერიოდში მიღებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ მიმწოდებლის მიერ ავტომანქანის ფაქტობრივად შეძენის დროს, სარეალიზაციო ღირებულება შეადგენდა 25 900 ამერიკულ დოლარს, რაც ეროვნულ ვალუტაში შეადგენს 48 951 ლარს, - ცენტრის მიერ გადახდილ ფასთან მიმართებაში 20,3 %-ით ნაკლებს. შესაბამისად, გადახდილ ფასსა და რეალურ ღირებულებას შორის სხვაობა მაღალი რისკის შემცველია.
აუდიტის შედეგად გამოვლენილ ნაკლოვანებებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაცემული იქნა შესაბამისი რეკომენდაციები. ასევე, რიგი საკითხები, შემდგომი შესწავლის მიზნით, გადაგზავნილია სამართალდამცავ ორგანოებზე.
იხ. ვრცლად: სრული ანგარიში
