სახელმწიფო აუდიტის სამსახური

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 18 სექტემბერი, 2015

აუდიტის დეპარტამენტმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ჩაატარა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს2015 წლის 6 თვის ფინანსური აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევა-ნაკლოვანებები:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს აპარატს, აგრეთვე სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტს, სხვადასხვა სახის სახელმწიფო შესყიდვები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განკარგულების საფუძველზე, განხორციელებული აქვთ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. ამასთან ღონისძიებები განხორციელებულია სხვადასხვა პერიოდულობით, მთელი წლის განმავლობაში და ვადებში შეზღუდულობის საკითხი, რიგ შემთხვევებში, არ იდგა, შესაბამისად გამარტივებული შესყიდვის საშუალებით შესყიდვის განხორციელების მოთხოვნა გონივრულ საფუძველს მოკლებულია და ეწინააღმდეგება საკანონმდებლო ნორმის მიზნებს.

სსიპ „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლის“ მიერ, პანსიონის 220 აღსაზრდელის კვებითი უზრუნველყოფის მომსახურების ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილების შედეგად გაუარესდა შემსყიდველის პირობები, რამაც განაპირობა დამატებით 4392 ლარის ხარჯის გაწევა.

ა(ა)იპ „ქალაქ ბათუმის სასპორტო სკოლის“ მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალება SUBARU FORESTER-ის მხოლოდ სათადარიგო ნაწილებსა და ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეული იქნა 2 208 ლარი. აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება არ ირიცხება სასპორტო სკოლის ბალანსზე, ხოლო აუდიტის ობიექტის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2015 წლის 6 თვის ბალანსის თანახმად, ძირითადი კაპიტალის მოხმარება შეადგენს 7 326 ლარს. ძირითადი კაპიტალის მოხმარების ველში ასახულია სსიპ „სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი „ბათუმის“ მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ძირითადი კაპიტალის ჩამოწერით წარმოშობილი თანხა, რაც შეუსაბამოა მოქმედ კანონდებლობასთან.

დარღვევა-ნაკლოვანებებთან დაკავშირებით. აუდიტის ობიექტს გაეგზავნა აუდიტის ანგარიში და შესაბამისი რეკომენდაციები.

სრული ანგარიში