სსიპ საჯარო აუდიტის ინსტიტუტი მუნიციპალიტეტების განვითარებისთვის ტრენინგ-პროგრამების კურსს განაგრძობს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშებში ასახული რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავებულ სასწავლო კურსს ერთი კვირის განმავლობაში გაივლის კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის 21 მუნიციპალიტეტის 33 საჯარო მოხელე. მსმენელები, ძირითადად, მუნიციპალიტეტების შიდა აუდიტის სამსახურისა და ადმინისტრაციის თანამშრომლები არიან.
სასწავლო მოდულები აუდიტის ანგარიშებში მოყვანილ კონკრეტულ საკითხებზეა დაფუძნებული და მსმენელები პრაქტიკულ მაგალითებზე გაეცნობიან სისტემურ ხარვეზების აღმოფხვრისა თუ პრევენციის გზებს.
სასწავლო კურსის მსმენელებს გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი შეხვდა და მუნიციპალიტეტებისთვის განკუთვნილი ტრენინგ-პროგრამის მიზნებისა და აქტუალობის შესახებ ესაუბრა.
სასწავლო კურსს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტის უფროსი გიორგი მამრიკიშვილი უძღვება. საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ანალოგიური ტრენინგ-კურსი უკვე ჩაატარა დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებისთვის.


