აფხაზეთის ა/რ-ში აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა ნოე ქაშიბაძემ აფხაზეთის ა/რ-ის უმაღლეს საბჭოს წარუდგინა კანონით გათვალისწინებული ანგარიშები: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება „აფხაზეთის ა/რ-ის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ“ მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით და დასკვნა აფხაზეთის ა/რ-ის კანონპროექტზე „აფხაზეთის ა/რ-ის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
მოხსენებაში შეფასებულია აფხაზეთის ა/რ-ის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების მდგომარეობა, მიღებული შედეგები და ის ფაქტორები, რომელთაც გავლენა იქონიეს საჯარო ფინანსების მართვის პროცესზე. გაანალიზებულია ბიუჯეტის დაგეგმვის, სახელმწიფო შესყიდვების მართვის, სარეზერვო ფონდის განკარგვის, აღრიცხვა-ანგარიშგების და პროგრამული ბიუჯეტის შესრულების მნიშვნელოვანი საკითხები.
გაცემულ რეკომენდაციებში აუდიტორები აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანია საბიუჯეტო ასიგნებების დროული და თანაბარზომიერი ათვისება, რამაც ხელი უნდა შეუწყოს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად და ეფექტიანად ხარჯვას.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, მოხსენებაში წარმოდგენილი შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინება, ხელს შეუწყობს ბიუჯეტის დაგეგმვა-ანგარიშგების პროცესის გაუმჯობესებას და საჯარო ფინანსების მართვის ხარისხის ზრდას.
2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილებების შესახებ მომზადებულ დასკვნაში შეფასებულია აფხაზეთის ა/რ-ის კანონპროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობა და კანონიერება. მასში გაანალიზებულია რამდენად შეესაბამება წარმოდგენილი ინფორმაცია ფინანსური ანგარიშგების პრინციპებს, ხოლო ყველა არსებითი დაშვება არის თუ არა ადეკვატურად განმარტებული თანდართულ მასალებში.

