სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2014 წლის ფინანსური აუდიტი. ჩატარებულ აუდიტთან დაკავშირებით შედგა ანგარიში, რომელშიც გამოითქვა პირობითი მოსაზრება ფინანსური ანგარიშგების შესახებ.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ორგანიზაციას არასწორად და არასრულად ჰქონდა წარდგენილი ფინანსური ანგარიშგების შემადგენელი ფორმა N1, N2, N3 და ფორმა N5, კერძოდ:
აუდიტის პერიოდში სამინისტროში არ შეფასებულა და ბალანსში თანხობრივად არ აღრიცხულა ქ. ზუგდიდში ხელაიას ქ. N3-ში მდებარე შენობა-ნაგებობები -,საერთო ფართით 4082 მ2 და არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი - დაზუსტებული ფართობით 15140 მ2;
ფაქტობრივ ხარჯებში ,,ძირითადი კაპიტალის მოხმარება“ რიგ შემთხვევაში არასათანადო ცვეთის ნორმის გამოყენების გამო, არასწორად იყო გაზრდილი 6347 ლარით, ხოლო რიგ შემთხვევაში ცვეთა საერთოდ არ დარიცხულა რის გამოც ცვეთის თანხა შემცირდა 2736 ლარით.
პირობითი მოსაზრების საფუძვლებში წარმოდგენილი გარემოებების გარდა, ყურადღება გამახვილდა შემდეგზე:
როგორც წინა პერიოდებში ჩატარებული აუდიტებით, ისე მიმდინარე აუდიტით გამოვლინდა, რომ სამინისტროსთვის სარგებლობაში გადმოცემული სამსართულიანი შენობის მეორე სართულის ნაწილზე და მესამე სართულზე სრულად, ყოველგვარი შესაბამისი საფუძვლის გარეშე განთავსებული იყო და ფუნქციონირებდა სხვადასხვა შპს-ები.
გარდა აღნიშნულისა, სამინისტროსთვის სარგებლობის უფლებით გადაცემული ვაჟა-ფშაველას N16-ში მდებარე შენობა-ნაგებობის მე-3 სართულის გარკვეულ ფართზე, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, განთავსებული იყო და ფუნქციონირებდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის, რისკის ანალიზისა და შეფასების სამმართველო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფართის დაკანონების და განცხადებების მიღების განყოფილება, საკუთარი საოფისე ინვენტარებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულით ადგილი ჰქონდა სახელმწიფო ქონების უკანონოდ გამოყენების ფაქტებს;
ძირითადი და გრძელვადიანი მცირეფასიანი აქტივების აღრიცხვის ორგანიზებასა და მოვლა-შენახვაზე არ იყო უზრუნველყოფილი სრული კონტროლი. კერძოდ, დადგინდა, რომ სამინისტროს ბალანსზე რიცხულ არაფინანსურ აქტივებზე არ იყო გახსნილი საინვენტარო ბარათები.
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების პროგრამასთან დაკავშირებული დოკუმენტბრუნვის შესწავლისას დადგინდა, რომ აუდიტის პერიოდში, არასათანადო კონტროლის გამო, მედიკამენტების გაცემა მაღალი რისკების შემცველი იყო, რაც გამოიხატა იმაში, რომ დაფიქსირდა ვადაგასული მედიკამენტების გაცემის შემთხვევები.
კერძოდ, სამინისტროს სხვადასხვა სააფთიაქო ქსელიდან უსასაყიდლოდ გადმოეცა მედიკამენტები. 20-22 ივნისის გასვლითი ღონისძიების კოპიტნარი) ფარგლებში მოხდა გადმოცემული ტვირთის დარიგება, მედიკამენტების ხარჯვის რეესტრების შემოწმებისას დადგინდა, რომ პრეპარატი ,,სინგულიარი“, რომლის ვარგისიანობის ვადა განსაზღვრული იყო 2014 წლის ივნისის თვემდე, გადაცემულ იქნა 2 ბენეფიციარზე. სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით აღნიშნული მედიკამენტები ბენეფიციარებს არ დაულევიათ, თუმცა პრეპარატების დადგენილი წესით ამოღება და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განადგურება ვერ მოხერხდა, რადგან ეს მედიკამენტები ბენეფიციარებს თავად ჰქონდათ განადგურებული.
გარდა ზემოაღნიშნულისა, აგვისტოში ვადაგასულ წამლებთან დაკავშირებით დაფიქსირდა კიდევ ერთი ფაქტი. შესწავლილი იქნა სამინისტროში არსებული დოკუმენტები და გაირკვა, რომ 30 ივლისს სამინისტრომ შპს ,,ეი-ბი-სი ფარმაციასაგან“ უსასყიდლოდ, ჰუმანიტარული გზით მიიღო 995.85 ლარის ღირებულების 4 დასახელების მედიკამენტი, რომლის ვარგისიანობის ვადა განსაზღვრული იყო აგვისტოს თვემდე. სამინისტროში მედიკამენტების განადგურება არ მომხდარა, მიღებული ინფორმაციით ისინი 2014 წლის 22 აგვისტოს N52 მიღება-ჩაბარების აქტით დაუბრუნდა შპს ,,ეი-ბი-სი ფარმაციას“.
იხ. სრული ანგარიში
