სახელმწიფო აუდიტის სამსახური

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ფინანსური აუდიტის ანგარიში - 2014 წლის 1 იანვარი - 2015 წლის 1 იანვარი 18 თებერვალი, 2015

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2014 წლის ფინანსური აუდიტი.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ორგანიზაციას არასწორად და არასრულად ჰქონდა წარდგენილი ფინანსური ანგარიშგების შემადგენელი ფორმა N1, N2, N3 და ფორმა N5, კერძოდ:

ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 20 ერთეული დაუდგენელი ღირებულების აქტივის ზედმეტობა;

2014 წელს ძირითადი კაპიტალის მოხმარება არასწორად იქნა შემცირებული  1 828,31 ლარით. რაც გამოწვეული იყო იმით, რომ უმაღლესი საბჭოს ბალანსზე რიცხულ საოფისე ფართს ნაცვლად 1%  ცვეთის ნორმისა ერიცხებოდა 0,8%.

პირობითი მოსაზრების აბზაცში წარმოდგენილი გარემოებების გარდა,  ყურადღება გამახვილდა შემდეგზე:

დადგინდა, რომ 2014 წელს მატერიალურად პასუხისმგებელი პირი ბრძანებით არ იყო განსაზღვრული. 114 ერთეულ არაფინანსურ აქტივზე გახსნილი  საინვენტარო ბარათი არ შეესაბამებოდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფორმას, ხოლო დანარჩენ არაფინანსურ აქტივებზე საერთოდ არ იყო გახსნილი საინვენტარო ბარათები;

2014 წელს ბალანსგარეშე საცნობარო მუხლში - „ამორტიზირებული ძირითადი აქტივები“, არასწორად იყო ასახული 2009 წელს ექსპლუატაციაში შესული 600 ლარის პირველადი საბალანსო ღირებულების მქონე ბუღალტრული პროგრამა. ზემოაღნიშნული ფაქტი გამოწვეული იყო იმით, რომ  აქტივს 10% ცვეთის ნორმის ნაცვლად, შეცდომით ერიცხებოდა 20%. შესაბამისად,  ნარჩენი ღირებულებაც არასწორად იქნა დაანგარიშებული 0 ლარის ოდენობით;

წარმოდგენილი ხელშეკრულებების ანალიზით გამოვლინდა, რომ 12 შტატგარეშე მოსამსახურე აყვანილი იყო მთელი წლის პერიოდში მუდმივ ამოცანათა შესასრულებლად და მათზე ჯამში ანაზღაურდა 74 280.00 ლარი. გეგმით გათვალისწინებული 16 შტატგარეშე მოსამსახურის ნაცვლად, 2014 წლის გარკვეულ პერიოდში ორგანიზაციაში მუშაობდა 17 მოსამსახურე.

შესაბამისი ბრძანებების საფუძველზე გაცემული იყო პრემიები მთელი წლის განმავლობაში: შტატით მომუშავე თანამშრომლებზე - 147 813.00 ლარი, ხოლო შტატგარეშე თანამშრომლებზე - 2 310.00 ლარი,  სულ ჯამში - 150 123.00 ლარი.

პრემიები გაიცემოდა უმაღლესი საბჭოს წევრებზე არდადეგების პერიოდში, აპარატის მუშაკებზე - საშვებულებო ანაზღაურებასთან ერთად, ასევე 2014 წლის ბოლოს დამტკიცებული ბიუჯეტის ეკონომიის ხარჯზე.

ამასთან, ბიუჯეტის ეკონომიის ხარჯზე პრემიების გაცემასთან დაკავშირებით გამოცემულ  ბრძანებებში  არ იყო წარმოდგენილი თუ კონკრეტულად რა სამუშაოების   შესრულებისთვის გაიცემოდა პრემია. 

იხ. სრული ანგარიში