სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის 2013 წლის ფინანსური აუდიტი. ჩატარებულ ფინანსურ აუდიტთან დაკავშირებით შედგა აუდიტის ანგარიში, რომელშიც გამოითქვა უპირობო მოსაზრება.
უპირობო მოსაზრების მიუხედავად, ყურადღება გამახვილდა შემდეგ გარემოებებზე:
დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს არქივის სამმართველო, რომელიც განლაგებულია ვაჟა-ფშაველას N1-ში მდებარე საქართველოს ეროვნული არქივის შენობაში. დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციით, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით, სამმართველოს გადაეცა დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული რამდენიმე კომპიუტერი და სხვა ინვენტარი. გარდა აღნიშნულისა, სამმართველო ასევე სარგებლობდა საქართველოს ეროვნული არქივის ბალანსზე რიცხული ფართით და ინვენტარით, თუმცა აღნიშნული ქონებით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები ვერ იქნა წარმოდგენილი.
დეპარტამენტში ხელშეკრულებების საფუძველზე, 2013 წლის მთელი ან გარკვეული პერიოდის განმავლობაში, დასაქმებული იყო შტატგარეშე 11 მომუშავე და მათზე ანაზღაურებულია 38 540 ლარი. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, შტატგარეშე მოსამსახურე არის პირი, რომელიც დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით გარკვეული ვადით მიიღება სამსახურში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად. ფაქტობრივად კი, წარმოდგენილი ხელშეკრულებების ანალიზით გამოვლინდა, რომ 3 პირი აყვანილი იყო მთელი წლის განმავლობაში მუდმივ ამოცანათა შესასრულებლად, რომლებზეც ჯამში ანაზღაურდა 15 500 ლარი. ასევე აღსანიშნავია, რომ რიგ შტატგარეშე მოსამსახურეებზე ანაზღაურდა შვებულების თანხა - ჯამში 676.54 ლარის ოდენობით და გაიცა პრემია 450 ლარი.
დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციით და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლით 2013 წლის განმავლობაში დეპარტამენტის მიერ არ იყო შემუშავებული სამუშაოს აღწერის დოკუმენტები, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტულ პოზიციასთან დაკავშირებულ ფუნქცია-მოვალეობებს, კომპეტენციებს, პასუხისმგებლობებს, ანგარიშვალდებულებებს და სხვა ინფორმაციას.
დეპარტამენტის თანამშრომლებზე 2013 წლის განმავლობაში გაცემულმა პრემიამ შეადგინა 43 495.00 ლარი. წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლით არცერთ ბრძანებაში არ იყო ასახული, თუ რა კონკრეტული დამსახურებების გამო გაიცა პრემიები თანამშრომლებზე.
წარმდგენი: ბონდო გასვიანი
