სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის 2014 წლის ფინანსური აუდიტი. ჩატარებულ აუდიტთან დაკავშირებით შედგა ანგარიში, რომელშიც გამოითქვა პირობითი მოსაზრება ფინანსური ანგარიშგების შესახებ.
გამოვლინდა, რომ 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ორგანიზაციას არასწორად და არასრულად ჰქონდა წარდგენილი ფინანსური ანგარიშგების შემადგენელი ფორმა N1, N2, N3 და ფორმა N5, კერძოდ: ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 21 ერთეული სხვადასხვა აქტივის ზედმეტობა, ასევე 40 ერთეულ მცირეფასიან აქტივზე დაფიქსირდა იდენტური საინვენტარო ნომრები.
პირობითი მოსაზრების საფუძვლებში წარმოდგენილი საკითხების გარდა, ყურადღება გამახვილდა შემდეგ გარემოებებზე:
აუდიტის პერიოდში ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, დეპარტამენტისათვის გამოყოფილი ფართის ნაწილზე განთავსებული იყო და ფუნქციონირებდა ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობა;
დეპარტამენტის ბალანსზე დადგენილი წესის შეუსაბამოდ, ირიცხებოდა 4 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება - 2 პერსონალური სარგებლობისათვის მოადგილეს) და 2 სამსახურებრივი მიმოსვლისათვის.
ფაქტობრივი გარემოებების შესწავლით და დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ წერილით მიმართა დეპარტამენტს „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების პროგრამის ფარგლებში“ დახმარება გაეწია ტრანსპორტით უზრუნველყოფაში.
ტრანსპორტირების დაფინანსება განხორციელდა დეპარტამენტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების მუხლიდან - ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ხარჯები, თანხით - 1000 ლარი. ამრიგად, ფაქტობრივად ადგილი ჰქონდა დეპარტამენტისათვის ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხებიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამის ტრანსპორტირების ხარჯების დაფარვას.
დეპარტამენტში ხელშეკრულებების საფუძველზე, 2014 წლის მთელი ან გარკვეული პერიოდის განმავლობაში, დასაქმებული იყო შტატგარეშე 17 მომუშავე და მათზე ანაზღაურებულია სულ 48 430.00 ლარი.
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, შტატგარეშე მოსამსახურე არის პირი, რომელიც დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით გარკვეული ვადით მიიღება სამსახურში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად; ფაქტობრივად კი წარმოდგენილი ხელშეკრულებების ანალიზით გამოვლინდა, რომ 6 პირი აყვანილი იყო მთელი წლის განმავლობაში მუდმივ ამოცანათა შესასრულებლად. ჯამში მათზე ანაზღაურდა 37 190.00 ლარი.
იხ. ვრცლად: სრული ანგარიში
