სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს 2014 წლის ფინანსური აუდიტი. ჩატარებულ აუდიტთან დაკავშირებით შედგა ანგარიში, რომელშიც გამოითქვა პირობითი მოსაზრება ფინანსური ანგარიშგების შესახებ.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ ორგანიზაციას არასწორად და არასრულად ჰქონდა წარდგენილი ფინანსური ანგარიშგების შემადგენილი ფორმა N1, N2 და ფორმა N5, კერძოდ:
სამინისტროს შენობის სარემონტო სამუშაოების ხარჯები - 15 832.96 ლარის ოდენობით, არასწორად იყო განხორციელებული წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული „არაფინანსური აქტივები“-ს მუხლიდან და არამართებულად მიეკუთვნა სამინისტროს ბალანსის მუხლში - „შენობები და ნაგებობები“. სამინისტროს მიერ წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის შესწავლით, მოცემული სამუშაოები განეკუთვნება მიმდინარე შეკეთების ხარჯებს და უნდა აღრიცხულიყო, როგორც „საქონელი და მომსახურება“. შესაბამისად, 2014 წლის ბოლოს შენობა-ნაგებობების საბალანსო მუხლი ზედმეტად იყო გაზრდილი 15 832.96 ლარით; ამავდროულად ამ თანხით არასწორად გაიზრდა „არაფინანსური აქტივების“ და შემცირდა „საქონელი და მომსახურების“ მუხლები.
აფხაზეთის ა/რ ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით, სამინისტროსათვის სარგებლობის უფლებით გადმოცემულ შენობა-ნაგებობის პირველ და მეხუთე სართულზე, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, კვლავ განთავსებული იყო და ფუნქციონირებდა სამინისტროსთან ერთად სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები და სხვა სუბიექტები.
ბეჭდვითი გამოცემის ფარგლებში განსაზღვრული იყო 5,000.00 ლარის ღირებულების 300 ცალი კრებულის „ლიტერატურა და ხელოვნება აფხაზეთში“ გამოცემა.
აღსანიშნავია, რომ ინვენტარიზაციის ჩატარების მომენტში წიგნები ვერ იქნა წარმოდგენილი, რის გამოც 5,000.00 ლარის დანაკლისი დაფიქსირდა.
ინვენტარიზაციის შედეგად, ასევე გამოვლინდა 19 ერთეული გრძელვადიანი მცირეფასიანი აქტივის ზედმეტობა. ვინაიდან მოცემული აქტივების ფასები უცნობი იყო, ისინი შეტანილი იქნა საივენტარო აღწერაში ღირებულებების გარეშე.
აღსანიშნავია, რომ რიგი ნაკლოვანებებისა და კანონშეუსაბამობისა, გამოვლენილი და წარდგენილი იყო სამინისტროსათვის აუდიტის წინა პერიოდშიც, თუმცა სამინისტრომ ვერ უზრუნველყო მათი აღმოფხვრა.
პირობითი მოსაზრების საფუძვლებში წარმოდგენილი საკითხების გარდა, ყურადღება გავამახვილდა შემდეგზე:
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის“ აფხაზეთის კანონით განისაზღვრა „ხელოვნების ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამა“, რომელიც ითვალისწინებდა თბილისის ხელოვნების სკოლებში აფხაზეთიდან დევნილი ნიჭიერი ახალგაზრდების სწავლების დაფინანსებას. მინისტრის მიერ დამტკიცებული პროგრამით ბენეფიციარებად განისაზღვრნენ მხოლოდ თბილისის სამი სკოლის მოსწავლეები. შედეგად, თბილისის დანარჩენი სკოლების აფხაზეთიდან დევნილ მოსწავლეებს არ მიეცათ შესაძლებლობა ესარგებლათ მოცემული პროგრამით. დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში, მოცემული კონკრეტული სკოლის მოსწავლეთა დაფინანსებამ შეადგინა 50,905.00 ლარი.
სამინისტროს მიერ ჩატარებული 6 გამარტივებული ელექტრონული ტენდერიდან, 2 შემთხვევაში, ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთა მიერ დაფიქსირდა საბოლოო ფასები, რომლებიც მნიშვნელოვნად დაბალი იყო სამინისტროს მიერ განსაზღვრული შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე, რაც მიუთითებს სახელმწიფო შესყიდვების არაშესაბამის დაგეგმვაზე, კერძოდ, ტენდერის გამოცხადებამდე სამინისტროს არა ჰქონდა დათმობილი მეტი ყურადღება ბაზრის კვლევასა და ანალიზისათვის.
იხ. ანგარიში ვრცლად
