სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა პარლამენტში „შედეგებზე ორიენტირებული ბიუჯეტის ზედამხედველობასთან“ დაკავშირებული პრეზენტაციები წარადგინეს.
თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა, საფინანსო-საბიუჯეტო და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები ევროკავშირის პროექტის „უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების“ ფარგლებში პერიოდულად იმართება.
საპარლამენტო კომიტეტების წარმომადგენლებმა აუდიტების ტიპების, მეთოდოლოგიის, აუდიტის წარმოებისას აღმოჩენილი მიგნებების, რეკომენდაციების და მათი შესრულების სტატისტიკასთან დაკავშირებული ინფორმაცია მოისმინეს. ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებ პლატფორმის „ბიუჯეტის მონიტორის“ გამოყენების შესაძლებლობებს გაეცნენ.
შეხვედრაზე მთავარი მომხსენებლები იყვნენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზისა და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ცოტნე ქარქაშაძე და თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი სოფიო დვალიშვილი.
