პარლამენტში აუდიტის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე საჯარო სექტორში დისტანციური მუშაობისათვის ეფექტიანი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის აუდიტის ანგარიში განიხილეს.
ანგარიში მოიცავს პანდემიის პერიოდში სამი უწყების (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლის მიზნით მიღებული მმართველობით გადაწყვეტილებებს და მათი განხორციელების ეფექტიანობას.
სამუშაო ჯგუფის წევრებს ანგარიშში არსებული მიგნებები და რეკომენდაციები ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კაპანაძემ გააცნო. რეკომენდაციები ეხება IT სერვისების უწყვეტობის პროცესის გაუმჯობესების მიზნით კვალიფიციური და კომპეტენტური პერსონალით მმართველობითი სისტემის შექმნას და ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების დასაზღვევად პოლიტიკის შემუშავებას.
აუდიტის ობიექტებმა რეკომენდაციების შესრულების გეგმა ნაწილობრივ წარმოადგინეს. აუდიტის პროცესში ჩართული სამინისტროების განცხადებით, რეკომენდაციების შესრულების გეგმა მზადდება და უახლოეს ხანებში მიეწოდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და საქართველოს პარლამენტს მონიტორინგისთვის.

