სახელმწიფო აუდიტის სამსახური

აუდიტორებმა ევროკავშირის პროექტის ფარგლებში პოლონეთის უმაღლეს აუდიტორულ ინსტიტუციაში სამუშაო შეხვედრები გამართეს 28 აპრილი, 2023

ევროკავშირის პროექტის ფარგლებში - „უსაფრთხოების სექტორის გარე ზედამხედველობის მხარდაჭერა საქართველოში“ - პოლონეთში სამუშაო შეხვედრები გაიმართა. პროექტი სახელმწიფო უწყებების მუშაობის გაცნობასა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას გულისხმობს.

შეხვედრებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დელეგაცია მონაწილეობდა,რომელსაც, გენერალური აუდიტორის მოადგილე სოფიო დვალიშვილი ხელმძღვანელობდა. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუციის წარმომადგენლებმა მათ სტრატეგიული დაგეგმვის, ორგანიზაციული მართვის, ბიუჯეტის შესრულების ანალიზისა და უსაფრთხოების სექტორის მიმართულებით აუდიტების წარმოების საუკეთესო პრაქტიკები გააცნეს და  გამოცდილება გაუზიარეს. 

სამუშაო შეხვედრები პოლონეთის ფინანსთა სამინისტროშიც შედგა. სამინისტროს წარმომადგენლებმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს საჯარო სექტორში ფინანსური აღრიცხვის და ბიუჯეტის შესრულების პრაქტიკები  გააცნე და ერთმანეთის გამოცდილებებზე იმსჯელეს.

პოლონეთის პარლამენტის (სეიმის) აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარემ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს უმაღლეს აუდიტორულ ინსტიტუციასთან ურთიერთობის, ანგარიშების განხილვის, რეკომენდაციების შესრულების პროცესში პარლამენტის ჩართულობის არსებული პრაქტიკები გაუზიარა.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „უსაფრთხოების სექტორის გარე ზედამხედველობის მხარდაჭერა საქართველოში“ ძირითად მიზანს წარმოადგენს უსაფრთხოების საზედამხედველო ინსტიტუციების, პარლამენტის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, სახალხო დამცველის ოფისის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და სხვა აქტორების შესაძლებლობების გაძლიერება უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობის მიმართულებით. 

პროექტი 2021 წლის ოქტომბრიდან მიმდინარეობს და 2024 წლის ოქტომბრამდე გაგრძელდება. პროექტს B&S Europe ახორციელებს - PMCG-ისა და GCSD-ისთან კონსორციუმის ფორმატში.