სახელმწიფო აუდიტის სამსახური

აუდიტის სტრატეგიული დაგეგმვის თემაზე ჰააგაში სამუშაო შეხვედრები გაიმართა 07 აპრილი, 2023

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუციების წარმომადგენლებისთვის ჰააგაში აუდიტის სტრატეგიულ დაგეგმვასთან დაკავშირებული სამუშაო შეხვედრები გაიმართა.  

ნიდერლანდების მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ჰააგაში სამდღიან სამუშაო შეხვედრაში უკრაინის, მოლდოვის, რუმინეთის, ბოსნია-ჰერცოგოვინას, ჩრდილოეთ მაკედონიის, ნიდერლანდებისა და საქართველოს უმაღლესი აუდიტორული უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ნიდერლანდების აუდიტის სასამართლოსთან ერთად შეხვედრის მონაწილეებმა ინტერაქტიულ სესიებზე აუდიტის სტრატეგიულ დაგეგმვასა და დაგეგმვის მიდგომებთან დაკავშირებით თავიანთ ქვეყნებში არსებულ პრაქტიკებზე ისაუბრეს და გამოცდილებები გაცვალეს. 

ორგანიზაციის სტრატეგიული დაგეგმვისა და რისკების შეფასების სხვადასხვა მიდგომის გაცნობის მიზნით, მონაწილეები იმყოფებოდნენ ნიდერლანდების ცენტრალურ ბანკში, სადაც გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე - „რისკების შეფასება და სტრატეგიული დაგეგმვა“. დელეგაციების შეხვედრები ასევე შედგა ამსტერდამის საქალაქო აუდიტის სასამართლოში, ნიდერლანდების საკანონმდებლო ორგანოს კვლევისა და ანალიზის დეპარტამენტში, ინფრასტრუქტურისა და წყლის მართვის სამინისტროში, სადაც ამ უწყებების წარმომადგენლებმა პროექტის მონაწილეებს გამოცდილება გაუზიარეს სტრატეგიული დაგეგმვის, რისკების შეფასებისა და შერჩევის მეთოდების შესახებ.

სამუშაო შეხვედრების ბოლოს, პროექტის მონაწილეებმა ჯგუფურ ფორმატში კონკრეტულ დავალებებზე იმუშავეს და მიღებული ცოდნა-გამოცდილება შეაჯამეს.  

ნიდერლანდების მთავრობის მიერ დაფინანსებული საოლქო პროგრამის დასკვნითი ვორკშოფი ჰააგაში ამ პროექტით გათვალისწინებული რიგით მეხუთე შეხვედრა იყო, რომელსაც წინ უძღოდა ონლაინ ვებინარების სერია ერთი წლის განმავლობაში. აღნიშნულ საოლქო პროგრამაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური მეხუთე წელია ჩართულია. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან სამუშაო შეხვედრებში სახელმწიფო ბიუჯეტისა და სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტის უფროსი ცოტნე ქარქაშაძე, სტრატეგიული ანალიზის სამსახურის წამყვანი ანალიტიკოსი მარიამ დანელია და ანალიტიკოსი სალომე ვერულაშვილი მონაწილეობდნენ.