სახელმწიფო აუდიტის სამსახური

აუდიტის სამსახურის მოხსენება აფხაზეთის ა/რ-ის 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ 23 მაისი, 2024

აფხაზეთის ა/რ-ის უმაღლეს საბჭოს „აფხაზეთის ა/რ-ის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ“ მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება წარედგინა.

მოხსენებაში შეფასებულია აფხაზეთის ა/რ 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების მდგომარეობა, მიღებული შედეგები და ის ფაქტორები, რომელთაც გავლენა იქონიეს საჯარო ფინანსების მართვის პროცესზე. გაანალიზებულია ბიუჯეტის დაგეგმვის, სახელმწიფო შესყიდვების მართვის, სარეზერვო ფონდის განკარგვის, აღრიცხვა-ანგარიშგების და პროგრამული ბიუჯეტის შესრულების მნიშვნელოვანი საკითხები.

მოხსენების წარდგენისას აფხაზეთის ა/რ-ში აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა ნოე ქაშიბაძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საბიუჯეტო ასიგნებების დროული და თანაბარზომიერი ათვისება, რამაც ხელი უნდა შეუწყოს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად და ეფექტიანად ხარჯვას.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, მოხსენებაში წარმოდგენილი რეკომენდაციების გათვალისწინება, გააუმჯობესებს ბიუჯეტის დაგეგმვა-ანგარიშგების პროცესს და საჯარო ფინანსების მართვის ხარისხს.

მოხსენების შემდეგ, მომხსენებელმა ნოე ქაშიბაძემ დეპუტატების კითხვებს უპასუხა. უმაღლესმა საბჭომ გამოთქმული შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით მიიღო დადგენილება ანგარიშის დამტკიცების შესახებ.