სახელმწიფო აუდიტის სამსახური

აუდიტის ანგარიშების განმხილველმა ჯგუფმა ფინანსური აუდიტის ანგარიშები მოისმინა 10 მარტი, 2020

პარლამენტში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე მთავრობის სექტორული სამინისტროების ფინანსური აუდიტის ანგარიშები განიხილეს. 

პარლამენტარებსა და სამინისტროების წარმომადგენლებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა წარუდგინა 10 სამინისტროში ჩატარებული 2018 წლის ფინანსური აუდიტების შედეგად გამოვლენილი მიგნებები, რომელთა შორისაა   აქტივების მართვის, მოთხოვნებისა და ვალდებულებების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ზოგადი შიდა კონტროლის მექანიზმების მიმართულებით არსებული ნაკლოვანებები. 

ფინანსური აუდიტების ფარგლებში, სამინისტროების მუშაობის და ფინანსური აღრიცხვიანობის  გასაუმჯობესებლად,   სახელმწიფო აუდიტორებმა საერთო ჯამში 111 რეკომენდაცია  გასცეს.  

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტების შედეგად დაიფარა სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების დაახლოებით 70%. 

პარლამენტარების კითხვებს გენერალური აუდიტორის მოადგილემ დავით გოგიჩაიშვილმა,  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორული  დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა, ასევე სამინისტროების  წარმომადგენლებმა უპასუხეს. 

ფინანსური აუდიტის ანგარიშების ასეთი მასშტაბური განხილვა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე, დეპუტატების მოთხოვნით პირველად მოხდა.