სახელმწიფო აუდიტის სამსახური

აუდიტის ანგარიშების განმხილველმა ჯგუფმა პარლამენტში იუსტიციის სასწავლო ცენტრების ეფექტიანობის აუდიტი განიხილა 20 დეკემბერი, 2019

პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის წლის ბოლო სხდომა გაიმართა.

სახელმწიფო აუდიტისა სამსახურმა სამუშაო ჯგუფის წევრებს  „სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და სსიპ პენიტენციური და პრობაციის სისტემის მოსამსახურეთა მომზადების ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში“ წარუდგინა. თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სოფიო დვალიშვილმა ანგარიშში წარმოდგენილ მიგნებებსა და რეკომენდაციებზე ისაუბრა. 

იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები იზიარებენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციებს; ანგარიშის განხილვაზე სასწავლო და მომზადების ცენტრების ხელმძღვანელებმა რეკომენდაციების  შესრულების გეგმა წარმოადგინეს. 

სამუშაო სხდომაზე პარლამენტართა კითხვებს გენერალური აუდიტორის მოადგილემ დავით გოგიჩაიშვილმა და იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ  უპასუხეს. 

მიმდინარე წელს პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველმა მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა 13 ანგარიში განიხილა.