გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის „კარგი ფინანსური მმართველობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თვითმმართველი ერთეულების აუდიტის დეპარტამენტის უფროსი გიორგი მამრიკიშვილი გერმანიის ჰესენის მხარის აუდიტის სამსახურს ეწვია და მათ გამოცდილებას გაეცნო.
ჰესენის რეგიონის აუდიტორული უწყება ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო პრაქტიკის მქონე აუდიტის სამსახურად მიიჩნევა. რეგიონის მასშტაბიდან გამომდინარე ორგანიზაცია უპირატესობას ანიჭებს სისტემურ აუდიტებს, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად 100-მდე მუნიციპალიტეტს ფარავს.
ჰესენის რეგიონის აუდიტის სამსახურის პრაქტიკა სისტემური აუდიტების წარმოების მიმართულებით მნიშვნელოვანია სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის, ვინაიდან მომავალი წლიდან ადგილობრივი თვითმმართველობების კონტროლის გასაუმჯობესებლად სამსახურის თვითმმართველი ერთეულების დეპარტამენტი მუნიციპალიტეტებში საბიუჯეტო პროცესის მართვის შესაბამისობის სისტემურ აუდიტს გეგმავს. ცენტრალურ დონეზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური სისტემურ, თემატურ აუდიტებს 2018 წლიდან ახორციელებს.
ადგილობრივი თვითმმართველობების აუდიტის დეპარტამენტის უფროსი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში გერმანიის სხვადასხვა რეგიონისა და ქალაქის მმართველებმა ქართულ დელეგაციას გააცნეს ზედამხედველობის საუკეთესო პრაქტიკები, გამოცდილება, გამოწვევები. შეხვედრები გაიმართა ქალაქებში ფრანკფურტი, ვისბადენი, დარმშტატი, მაინცი, ნიდერ ოლმი, ალცაი-ვორმსის რაიონი (რაინლანდ-პფალცის მიწები).
შეხვედრების თემა იყო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მმართველობის სისტემა, ადგილობრივი თვითმმართველობის აქცენტებით; მუნიციპალური ბიუჯეტის მართვა და ფინანსური ზედამხედველობა; მუნიციპალური ფინანსებისა და ბიუჯეტის სისტემა და სხვა.


