სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ა(ა)იპ ,,ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება“ ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში - 2014 წლის 1 იანვარი - 2014 წლის 30 სექტემბერი 16 თებერვალი, 2015

აუდიტის დეპარტამენტმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განახორციელა არასამეწარმეო იურიდიული პირის "ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების" 2014 წლის 9 თვის ფინანსური და შესაბამისობის აუდიტი, რომლის შედეგადაც გამოვლინდა შემდეგი დარღვევა-ნაკლოვანებები:

2014 წლის 9 თვის საბალანსო მონაცემებში, არასწორად იქნა ასახული საბავშვო ბაღების შენობების განახლების, რეკონსტრუქციისა და პანდუსების მოწყობისათვის გახარჯული 134 795 ლარი და 2014 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 5 044 ლარის დებიტორული დავალიანება, რაც საბიუჯეტო სახსრების მართვასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე  მიუთითებს.

„ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ მიერ ავეჯის შესყიდვის მიზნით გამოცხადებული გამარტივებული ელექტრონული ტენდერის სატენდერო წინადადების შესაბამისად, საქონლის მიწოდების ვადად განსაზღვრული იყო ხელშეკრულების დადებიდან 50 კალენდარული დღე, მიწოდების ადგილი კი შემსყიდველი ორგანიზაციის 27 ობიექტი, თუმცა შემდგომ გამარჯვებულთან შპს „ELIO“-სთან დადებული ხელშეკრულებით, მიწოდების ვადა განისაზღვრა 55 კალენდარული დღით, ხოლო მისაწოდებელ ობიექტთა რაოდენობა 24-ით, რითაც დარღვეული იქნა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მოთხოვნები.

აუდიტის პერიოდში 11 საბავშვო ბაღში განხორციელებული კვების პროდუქტების ნორმებთან შესაბამისობის მონიტორინგით დადგინდა, რომ ხუთ საბავშვო ბაღში მენიუს მიხედვით გაცემული პროდუქტის წონა არ შეესაბამება ფაქტობრივად გაცემულ წონას, 3 საბავშვო ბაღში აღმოჩნდა კვების პროდუქტების წონის შეუსაბამობა, ხოლო ერთ საბავშვო ბაღში კვების პროდუქტი არ იყო დამზადებული მენიუს შესაბამისად.

გამოვლენილ დარღვევა-ნაკლოვანებებზე დეპარტამენტის მიერ გაცემული იქნა შესაბამისი რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებაც ხელს შეუწყობს ორგანიზაციის მართვის პროცესის გაუმჯობესებას.

იხ. ვრცლად სრული ანგარიში