სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს IDI-ს გლობალური სამიტის მონაწილე საერთაშორისო ორგანიზაციების და აუდიტორული ინსტიტუციების წარმომადგენლებთან.
გენერალურ აუდიტორთან ცოტნე ყავლაშვილთან და მის მოადგილესთან სოფიო დვალიშვილთან შეხვედრაზე IDI-ს გენერალურმა დირექტორმა ეინარ გორისენმა და მისმა მოადგილემ არჩანა შირსატმა მადლობა გადაუხადეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სამიტის მასპინძლობისათვის და IDI-ს ინიციატივებში სამსახურის წარმომადგენლების აქტიური ჩართულობისათვის. სტუმრებმა ასევე ისაუბრეს IDI-ს საქმიანობაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კონტრიბუციაზე და ხაზი გაუსვეს გაწეული ექსპერტული მხარდაჭერის მნიშვნელობას. მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის სფეროები.
საქართველოს და საუდის არაბეთის სამეფოს გენერალურმა აუდიტორებმა ორმხრივ შეხვედრაზე აუდიტორული პრაქტიკის გაზიარებისა და დიჯიტალიზაციის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს. ორი ქვეყნის უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციას თანამშრომლობის პრაქტიკა უკვე აქვთ, საუდის არაბეთმა 2021 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს IT ინფრასტრუქტურის განვითარებაში მხარდაჭერა გაუწია.
გაეროს ეკონომიკისა და სოციალური საკითხების (UNDESA) დეპარტამენტის წარმომადგენელთან არანზაზუ გილლიან მონტეროსთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) შესრულების ხელშეწყობასთან დაკავშირებული აუდიტების შედეგებს და 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებისათვის აუდიტის პოლიტიკის გაძლიერებას ციფრული ტექნოლოგიების აქტუალიზებით.
ვიეტნამის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის წარმომადგენლები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გამოცდილებით დაინტერესდნენ და სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს აუდიტის პრაქტიკის, რეკომენდაციების მონიტორინგის, ხარისხის კონტროლისა და აუდიტის პროცესში ელექტრონული პლატფორმების გამოყენების მიმართულებით.


