სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ეკატერინე ღაზაძე - გენერალური აუდიტორის მოადგილე

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში კურირებს აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტს, ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტს, სახელმწიფო ბიუჯეტისა და სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტს, ასევე პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტს.

ეკატერინე ღაზაძე გენერალური აუდიტორის მოადგილის თანამდებობას 2017 წლის ოქტომბრიდან იკავებს. 

ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე, ის მრავალი წლის განმავლობაში საბანკო-საფინანსო სექტორში წარმატებულ საქმიანობას ეწეოდა. 

2017 წელს საქართველოს საფონდო ბირჟაზე ჯერ კონსულტანტად მუშაობდა, შემდეგ კი, ფინანსური და საოპერაციო დირექტორის თანამდებობას იკავებდა და ჩართული იყო „ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის“, აგრეთვე  „კავკასრეესტრის“ მუშაობაში. 

2016 წელს, საინვესტიციო ექსპერტის რანგში, მუშაობდა DCFTA-ის საგარეო კომუნიკაციის სტრატეგიაზე (GE16) და, ამ სტრატეგიის ფარგლებში, საქართველოს მთავრობას უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში ეხმარებოდა. 2015 წელს, ეკატერინე ღაზაძე იყო აზიის განვითარების ბანკის კონსულტანტი და კოორდინაციას უწევდა საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას - „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“.

2012-2015 წლებში, ეკატერინე ღაზაძე მუშაობდა საქართველოს ბანკში (შემდგომში გალთ & თაგარტი), სადაც კვლევების დეპარტამენტს უძღვებოდა. მანამდე, 2007-2012 წლებში, ის იყო „რენესანს კაპიტალის“ ანალიტიკოსი ყაზახეთსა და დიდ ბრიტანეთში. 2009 წელს, ყაზახეთში ის ასევე მუშაობდა „და ვინჩი კაპიტალ მენეჯმენტი და ორის კონსორციუმში“, სადაც ცენტრალური აზიის მთავარი ანალიტიკოსის თანამდებობა ეკავა. 

2002-2007 წლებში, ეკატერინე ღაზაძე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში (EBRD) საქმიანობდა: ის ჯერ თბილისის ოფისში, ფინანსური ანალიტიკოსი იყო, შემდეგ კი, ლონდონის სათაო ოფისში, EBRD-ის ასოცირებული ბანკირი გახდა. 2001-2002 წლებში, ის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მრჩეველის ასისტენტი იყო თბილისში. 2000-2001 წლებში კი, სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტში საგადასახდელო ბალანსის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. 

ეკატერინე ღაზაძეს, 2003 წელს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებული აქვს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების მაგისტრის ხარისხი. 2007 წელს კი, მან ლონდონის სიტის უნივერსიტეტში, კასის ბიზნეს სკოლაში, ინვესტიციების მართვის მაგისტრის ხარისხი მოიპოვა.

მშობლიური ქართულის გარდა, ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.