სახელმწიფო აუდიტის სამსახური

პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტი

„საქართველოს საარჩევნო კოდექსითა“და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონით განსაზღვრული მიზნებისა და მოთხოვნების შესაბამისად, დეპარტამენტი უზრუნველყოფს პოლიტიკური პარტიების ფინანსურ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვებას, სისტემატიზაციას, ანალიზს და შემოწმებას. დეპარტამენტი, ასევე, უზრუნველყოფს პარტიების დაფინანსების პროცესის გამჭვირვალობას. კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტი დაინტერესებულ პირებს უწევს კონსულტაციას პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხებზე. გარდა ამისა, დეპარტამენტი რეაგირებს პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დარღვევაზე.

ბესიკ ქოჩიაშვილი

დეპარტამენტის უფროსი

ბესიკ ქოჩიაშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურში 2013 წლიდან მუშაობს. პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტს იგი 2020 წლის მარტიდან ხელმძღვანელობს, მანამდე კი იყო თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. 2013-2018 წლებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ბუღალტრის, უფროსი აუდიტორის, წამყვანი აუდიტორის, მთავარი აუდიტორის პოზიციებზე მუშაობდა. ამავე წლებში, სსიპ საჯარო აუდიტის ინსტიტუტის საფინანსო და ლოჯისტიკის სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მუშაობის დაწყებამდე, 2008-2012 წლებში, ბესიკ ქოჩიაშვილი საქმიანობდა „ბაზის ბანკში“ მიკროსესხების ოფიცრის, SME სესხების ექსპერტის, კორპორატიული ბანკირისა და კორპორატიული სესხების ანალიტიკოსის პოზიციებზე. 

პროფესიული საქმიანობის პარალელურად, იგი პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა: 2019 წლიდან, სსიპ საჯარო აუდიტის ინსტიტუტში უძღვება სალექციო კურსს - „ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგება საჯარო სექტორში“. გავლილი აქვს ტრენინგები საქართველოსა და უცხოეთში საჯარო აუდიტის, სახელმწიფო შესყიდვების, საჯარო პოლიტიკისა და ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშების მიმართულებით. 

ბესიკ ქოჩიაშვილი არის თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის კურსდამთავრებული, მიღებული აქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი. 

მშობლიური ქართულის გარდა, ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.