ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტში პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, 45-მა აუდიტორმა და ექვსმა IT აუდიტორ-სტაჟიორმა გაიარა საერთაშორისო აუდიტორული/საკონსულტაციო კომპანია EY-ის სპეციალისტების ტრენინგები, რომელიც ევროკავშირის „ეკონომიკური მმართველობის და ფისკალური ანგარიშვალდებულების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ტრენინგები ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტით დაინტერესებული სხვადასხვა აუდიტორული დეპარტამენტის აუდიტორებისთვის EY-ის საქართველოს და თურქეთის ოფისებში ჩატარდა.
ასევე, პროექტის ფარგლებში EY-ის სპეციალისტები კონსულტაციებს უწევენ აუდიტორთა ჯგუფს, რომელიც ორ საპილოტე IT აუდიტზე მუშაობს.
პროექტის შედეგების შეფასების მიზნით სახელმწიფო აუდიტის სამსახურში შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს EY-ის თურქეთის და საქართველოს ოფისის წარმომადგენლებმა.
შეხვედრისას ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღონისძიებები სრულად განხორციელდა, ასევე განიხილეს სამომავლოდ IT აუდიტის კომპონენტის გასაძლიერებლად გადასადგმელი ნაბიჯები.
ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტში პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერება, სამსახურის ხუთწლიანი სტრატეგიის ფარგლებში, პრიორიტეტად არის განსაზღვრული.