სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ჯანმრთელობის დაცვა 31 დეკემბერი, 2021
ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული სერვისების ხელმისაწვდომობის აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2019, 2018, 2017

ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა მთავრობის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებაა. შესაბამისად, ჯანდაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრინციპია მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების საყოველთაო და თანაბარი ხელმისაწვდომობა, რომლის უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს მართვის ერთ-ერთი მექანიზმია სამედიცინო პროგრამების შემუშავება და განხორციელება. 

ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მიზანია, მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფებისათვის შექმნას ფინანსური გარანტიები სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის და უზრუნველყოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულება. მოცემული მიზნის მიღწევაში მთავარი როლი ენიჭება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალ ერთეულებს. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ეფექტიანობის აუდიტი იმის დასადგენად, რამდენად ხელმისაწვდომია ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული კომპონენტები: ბენეფიციარების სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფა და მასთან დაკავშირებული ამბულატორიული მომსახურება. აუდიტის ფარგლებში შერჩეულ იქნა შვიდი სახელმწიფო პროგრამა (დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, დიაბეტის მართვა, დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაცია, იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვა (მედიკამენტით უზრუნველყოფის კომპონენტი), C ჰეპატიტის  მართვა, ჯანმრთელობის ხელშეწყობა (C ჰეპატიტის პრევენცია და მოსახლეობის განათლების ხელშეწყობის კომპონენტი), რომელიც შეფასდა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • ბენეფიციარზე ორიენტირებული სერვისი;
  • ფინანსური ხელმისაწვდომობა;
  • ფიზიკური ხელმისაწვდომობა;
  • ინფორმაციული ხელმისაწვდომობა.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები: 

ბენეფიციარზე ორიენტირებული სერვისი

პროგრამების ადმინისტრირების მექანიზმები სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს ბენეფიციარზე ორიენტირებული სერვისის მიწოდებას, კერძოდ:

  • იშვიათი დაავადებების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სამინისტროს არ აქვს შემუშავებული და დამტკიცებული ახალი დაავადების პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმები, სერვისის დამატებას კი შესაძლოა დასჭირდეს რამდენიმე წელი. ამასთანავე, აღნიშნული მიმართულებით ქვეყანაში არ არის შემუშავებული ეროვნული გეგმა ან სტრატეგია და არ იწარმოება იშვიათი დაავადებების მქონე პირთა რეესტრი. შეზღუდულია პროგრამის ამბულატორიული სერვისით მოსარგებლეთა ასაკობრივი კატეგორია და მოიცავს მხოლოდ 18 წლამდე ასაკის პირებს. ზემოაღნიშნული ფაქტორები ზღუდავს სამედიცინო სერვისებზე თანაბარ ხელმისაწვდომობას და ამცირებს პროცესის გამჭვირვალობას. 
  • იშვიათი დაავადებების, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობისა და დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამებით განსაზღვრული რიგი სერვისები არ არის გაწერილი დეტალურად, არსებული მექანიზმები კი ვერ უზრუნველყოფს ბენეფიციართა სრულ ინფორმირებას პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სერვისებისა და მიმართვიანობის სიხშირის შესახებ. 
  • სააგენტოში დანერგილი მექანიზმები სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს ხელმისაწვდომობას რიგ სამკურნალო საშუალებებზე, კერძოდ: საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სააგენტოს არ აქვს შემუშავებული მარაგების მართვის მექანიზმი. დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სააგენტომ ვერ უზრუნველყო მედიკამენტების შესყიდვა, ხოლო უკვე შესყიდული საკვები დანამატის - ბენეფიციარებისთვის მიწოდება. აღნიშნულის გამო, ერთი მხრივ, ბენეფიციარებმა ვერ მიიღეს პროდუქტები, რიგ შემთხვევებში კი შესყიდულ პროდუქტს ამოეწურა მოქმედების ვადა. 
  • ჯანმრთელობის დაცვის რიგი სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში არ არის გათვალისწინებული მექანიზმ(ებ)ი, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სერვისებზე მიმართვიანობის ზრდას, ხოლო იმ პროგრამის ფარგლებში, სადაც შემუშავებულია პაციენტების მიდევნებისა და მკურნალობაზე დამყოლობის მექანიზმები, სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს პაციენტთა სერვისებში ჩართვას. შედეგად, დაბალია რიგი პროგრამებით გათვალისწინებულ სრულ სერვისებში ჩართულ ბენეფიციართა მაჩვენებელი.

ფინანსური ხელმისაწვდომობა 

პროგრამების მართვის მექანიზმები სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს სერვისებზე ფინანსურ ხელმისაწვდომობას. რიგი პროგრამებით გათვალისწინებული მომსახურებების ფარგლებში პაციენტებს თანაგადახდის პირობებში ეზრდებათ მათ მიერ ჯანდაცვის სერვისებზე გაწეული ხარჯები. კერძოდ, 2017-2019 წლებში საყოველთაო, ქრონიკული და დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში სააგენტო უზრუნველყოფდა ბენეფიციართათვის იდენტური სერვისების განსხვავებული თანაგადახდით მიწოდებას. 2019 წლის აგვისტომდე ბენეფიციართა მხრიდან თანაგადახდა გათვალისწინებული იყო ასევე C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებშიც, რამაც ნაწილობრივ შექმნა სერვისების წვდომაზე ფინანსური ბარიერები.

საბიუჯეტო სახსრების პროდუქტიული და ეკონომიური ხარჯვა

პროგრამების მართვისას არ არის გათვალისწინებული საკმარისი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრების პროდუქტიულ და ეკონომიურ ხარჯვას: 

  • დიაბეტის მართვის პროგრამის ფარგლებში ერთი და იმავე მომსახურების ანაზღაურება ხდება განსხვავებული ღირებულებით; 
  • საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია მედიკამენტების არაოპტიმალური ღირებულებები; 
  • სერვისების დაფინანსებისთვის შემუშავებული მოდელების − გლობალური ბიუჯეტისა და ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში, მიმწოდებლებს ყოველთვიურად უნაზღაურდებათ დადგენილი ფიქსირებული თანხა, ბენეფიციარების მიერ სერვისების მიღებისა და გაწეული ხარჯის მიუხედავად. შედეგად, აუდიტის პერიოდისათვის, სამედიცინო დაწესებულებებისთვის ანაზღაურებული თანხა აღემატებოდა ბენეფიციარებისთვის ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ხარჯს. 

დაფინანსების დამატებითი მექანიზმ(ებ)ის, ასევე სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების ოპტიმალური ღირებულებების განსაზღვრის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა, ჯამში − 2,404,238 ლარის ოდენობით და, შედეგად, პროგრამებში მეტი ბენეფიციარის ჩართვა და ხელმისაწვდომობის გაზრდა.

ფიზიკური ხელმისაწვდომობა

სააგენტოს მიერ დანერგილი მექანიზმები ვერ უზრუნველყოფს პროგრამების ფარგლებში განსაზღვრული სერვისების სათანადო გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას. კერძოდ, დიაბეტის მართვის, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობისა და იშვიათი დაავადებების სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული რიგი სერვისების მიმწოდებლები, ძირითადად კონცენტრირებულნი არიან დედაქალაქში, ხოლო ბენეფიციართა, საშუალოდ, 57% ცხოვრობს თბილისის ფარგლებს გარეთ. შედეგად, ბენეფიციართა ნაწილს მომსახურების მიღება უწევს  საცხოვრებელი ადგილიდან დაშორებით.

ინფორმაციული ხელმისაწვდომობა

ქვეყანაში არ არის შემუშავებული ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული სერვისების შესახებ ბენეფიციარებთან კომუნიკაციის სტრატეგია ან სამოქმედო გეგმა. არ არის დაგეგმილი მიზნობრივი ჯგუფების ინფორმირების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები და ეფექტიანი საინფორმაციო კამპანიები, რაც მნიშვნელოვან ბარიერს ქმნის სერვისებზე ხელმისაწვდომობაში. შედეგად, გამოკითხულ პოტენციურ ბენეფიციართა ინფორმირებულობის დონე დაბალია და მათი დიდი ნაწილი არ ფლობს ინფორმაციას სახელმწიფოს მიერ მათთვის შეთავაზებული და დაფინანსებული ჯანმრთელობის დაცვის სერვისების შესახებ.
 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 

რეკომენდაცია N1:

ბენეფიციარებისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფის, სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდისა და პროგრამის ეფექტიანად დაგეგმვის მიზნით, იშვიათი დაავადებების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში: 

  • შემუშავდეს და დამტკიცდეს დაავადების იშვიათად აღიარებისა და ახალი ნოზოლოგიის პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმები; 
  • საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით შემუშავდეს ეროვნული გეგმა ან/და სტრატეგია;
  • საბიუჯეტო სახსრების პროდუქტიული ხარჯვის გათვალისწინებით, შეფასდეს პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეთა ასაკობრივი კატეგორიის ან/და მომსახურების მოცულობის გაზრდის შესაძლებლობა; 
  • დაინერგოს მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს სანდო და სრული ინფორმაციის მოპოვებას ქვეყანაში არსებული იშვიათი დაავადებების მქონე პირთა რაოდენობის შესახებ. 

რეკომენდაცია N2:

პროგრამებით განსაზღვრული სერვისების შესახებ ბენეფიციართა ცნობიერების ამაღლებისა და თანაბარი პირობების უზრუნველყოფის მიზნით, იშვიათი დაავადებების, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის, დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამებით განსაზღვრულ სერვისებზე დეტალურად გაიწეროს და დამტკიცდეს პროგრამების კომპონენტებით გათვალისწინებული მომსახურებების მოცულობა. 

სსიპ - ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს 

რეკომენდაცია N3:

მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაინერგოს, ხოლო დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის პროგრამის ფარგლებში გაუმჯობესდეს მარაგების მართვის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მიმწოდებელ დაწესებულებებში არსებული ფარმაცევტული პროდუქტის რესურსისა და ბენეფიციარებზე გაცემის უწყვეტ მონიტორინგს. 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ - ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს,  სსიპ -  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს

რეკომენდაცია N4:

პროგრამებით გათვალისწინებულ სერვისებზე მიმართვიანობის ზრდისა და დაავადებების ეფექტიანი მართვის მიზნით, შემუშავდეს მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტების მიერ სერვისების სრულად მიღებას, მკურნალობაზე დამყოლობისა და სერვისების მიღებაზე მონიტორინგს. 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 
 
რეკომენდაცია N5:

ჯანდაცვის სერვისებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით:
•    სახელმწიფო პროგრამების შემუშავებისას შეფასდეს ფინანსური ბარიერის საჭიროება; 
•    დიაბეტის მართვისა და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დადგინდეს პროგრამებით გათვალისწინებული იდენტური სერვისები და შემუშავდეს მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ბენეფიციართათვის მცირე ფინანსური ბარიერის მქონე სერვისის მიწოდებას.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და სსიპ - ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს 

რეკომენდაცია N6:

•    საბიუჯეტო სახსრების პროდუქტიული და ეკონომიური ხარჯვის მიზნით, დიაბეტის მართვისა და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში: განისაზღვროს პროგრამებით დაფინანსებული სერვისებისა და მედიკამენტების ოპტიმალური ღირებულებები; 
•    დადგინდეს პროგრამებით გათვალისწინებული იდენტური სერვისები და შემუშავდეს მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს მხრიდან ნაკლები დანახარჯების მქონე სერვისის დაფინანსებას. 

რეკომენდაცია N7:

საბიუჯეტო სახსრების პროდუქტიული და ეკონომიური ხარჯვის მიზნით, დიაბეტის მართვისა და იშვიათი დაავადებების სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში შემუშავდეს და დაინერგოს დაფინანსების მოდელი ან/და არსებული მოდელის ფარგლებში განისაზღვროს დამატებითი მექანიზმები, რომელიც ბენეფიციარისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში ფაქტობრივი ხარჯის გათვალისწინებით უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრების პროდუქტიულ ხარჯვას. 

სსიპ - ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს

რეკომენდაცია N8:

 ჯანდაცვის სერვისებზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით: 
•    პროგრამების მართვისას გათვალისწინებულ იქნეს ბენეფიციართა ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართები და მიმწოდებელთა რესურსი სერვისების რეგიონალურ მოცვასთან დაკავშირებით; 
•    რეგიონში სერვისების მიმწოდებლის არარსებობის შემთხვევაში, შემუშავდეს ბენეფიციართათვის მომსახურებების მიწოდების ალტერნატიული მექანიზმები. 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და სსიპ - ჯანმრთელობის ეროვნულ  სააგენტოს 

რეკომენდაცია N9:

სახელმწიფო პროგრამებისა და მათ ფარგლებში დაფინანსებული სერვისების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით შემუშავდეს ეფექტიანი საკომუნიკაციო სტრატეგია, გაძლიერდეს ოჯახის ექიმის როლი ბენეფიციარებთან კომუნიკაციის მიმართულებით, განისაზღვროს მიზნები, მათი მიღწევის მექანიზმები და შეფასების ინდიკატორები, ასევე ჩატარდეს მიღებული შედეგების მონიტორინგი.