სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ჯანმრთელობის დაცვა 22 ნოემბერი, 2019
შპს ,,ო. ჩხობაძის სახელობის ინვალიდთა და ხანდაზმულთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო კლინიკის ცენტრის" 2015-2018 წლების საქმიანობის აუდიტი
პერიოდი: 2018, 2017, 2016, 2015

აუდიტის შედეგად გამოვლინილი მიგნებები 

წმინდა მოგების გამოყენება - კლინიკური ცენტრის მიერ 1,314,680.35 ლარის წმინდა მოგება გაიხარჯა პარტნიორის თანხმობისა და მთავრობის დადგენილებით შექმნილი სპეციალური კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილების გარეშე, რაც გარკვეულ შემთხვევებში განპირობებული იყო კლინიკური ცენტრის მიერ აღნიშნული კონტროლის მექანიზმების იგნორირებით, ხოლო რიგ შემთხვევებში − პარტნიორის, როგორც მოცემული პროცესის კონტროლის სისტემის, მნიშვნელოვანი რგოლის არაკონსტრუქციულობით. არსებული წესის მოთხოვნათა დარღვევით, წმინდა მოგების განკარგვა წარმოშობს სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის და მისი არაპრიორიტეტული მიმართულებით გამოყენების მაღალ რისკებს. 

შრომის ანაზღაურება - 2015-2018 წლებში, დასაბუთების გარეშე, კლინიკური ცენტრის თანამშრომლებზე ჯამურად გაცემულია 279,193.71 ლარის სახელფასო დანამატი და 13,987.50 ლარის პრემია. მათ შორის, დირექტორისთვის დანამატის სახით გაცემულმა თანხამ შეადგინა 56,000.00 ლარი. კლინიკურმა ცენტრმა ვერ წარმოადგინა თანამშრომელთა ზეგანაკვეთურად მუშაობის და ფუნქციების მოსალოდნელზე უკეთ შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები. შესაბამისად, არ დასტურდება პერსონალზე სახელფასო დანამატისა და პრემიის გაცემის მართლზომიერება და შესაბამისობა. 

სახელმწიფო შესყიდვები - შეუსაბამო შესყიდვის საშუალების გამოყენებით, ხელშეკრულების გაფორმების გარეშე, 17 მომწოდებლისგან შეძენილ იქნა 291,284.68 ლარის ღირებულების საქონელი/მომსახურება. ამასთანავე, კლინიკურმა ცენტრმა სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ პორტალზე არ ატვირთა გამარტივებული წესით გაფორმებული 62,670.20 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 24 ხელშეკრულება, რითაც შეიზღუდა შესყიდვის საშუალებების შერჩევისათვის კანონმდებლობით დადგენილი მონეტარული ზღვრების დაცვაზე მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელების შესაძლებლობა. ყოველივე აღნიშნულმა გაზარდა საჯარო სახსრების არარაციონალური და არაეკონომიური ხარჯვის რისკები, რაც გამოვლინდა საბაზრო ღირებულებაზე მაღალ ფასად საქონლის/მომსახურების შესყიდვის ფაქტებში.

საოპერაციო მობილური რენტგენის აპარატის შესაძენად 2015 წელს გამოცხადებული გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მიმდინარეობისას, შესყიდვის საგნის სპეციფიკაციის კონკრეტულ მოდელზე მორგებით შეიქმნა უკონკურენტო გარემო, რამაც განაპირობა ტენდერში მონაწილე ერთადერთი, სავარაუდო ღირებულების ტოლი სატენდერო წინადადების წარმომდგენი პირის გამარჯვება.

სამედიცინო მოწყობილობების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში უმცირესი ფასის სატენდერო წინადადების წარმომდგენი პრეტენდენტის არასამართლიანმა დისკვალიფიკაციამ და საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიზანმიმართულმა კორექტირებამ შექმნა საჯარო სახსრების არაეკონომიური ხარჯვის რისკები. 

აქტივების მართვა -  შესამოწმებელ პერიოდში კლინიკური ცენტრის მიერ ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების სავალდებულო ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა. პარტნიორის მხრიდან აღნიშნული ნორმატიული მოთხოვნის დაცვაზე კონტროლი არ განხორციელებულა. აუდიტის ჯგუფის მიერ განხორციელებული დათვალიერების პროცედურის შედეგად გამოვლინდა 12 ერთეული ძირითადი აქტივის დანაკლისი, (მათ შორის: ლეპტოპი, მობილური ტელეფონი, ციფრული აპარატი, ტელევიზორი) ნარჩენი ღირებულებით − 2,265.00 ლარი და რენტგენის აპარატი TURDF-19, საწყისი ღირებულებით − 4,420.00 ლარი.

საწყისი საიჯარო ქირის არათანამიმდევრულად, საბაზრო პირობებისადმი არაადეკვატურად და აუქციონის გამოცხადების დროს მისი არასწორად (შეცდომით) განსაზღვრის შედეგად, მიუღებელმა შემოსავალმა შეადგინა 9,658.00 ლარი.

ფინანსური ანგარიშგება - 2016 წლის საანგარიშგებო პერიოდის ბალანსში საწყისი ნაშთების კორექტირება განხორციელდა ფინანსური ანგარიშგების მომზადების და წარდგენის საფუძვლების მოთხოვნის შეუსაბამოდ. მიმდინარე ვალდებულებების და გადასახდელი დივიდენდების შემცირების ხარჯზე, გაუნაწილებელი მოგების საწყისი ნაშთი გაიზარდა 140,334.00 ლარით. შედეგად, მოცემული საანგარიშგებო პერიოდის ბალანსში დაფიქსირდა გაუნაწილებელი მოგების − 458,183.00 ლარის, მიმდინარე ვალდებულებების − 42,844.00 ლარის, ხოლო გადასახდელი დივიდენდების − ნულოვანი საწყისი ნაშთები. აღნიშნულ კორექტირებებს საფუძვლად არ ედო ეკონომიკური მოვლენის განხორციელების ფაქტი.

ბალანსში შემცირებულადაა წარმოდგენილი 2018 წლის საბოლოო ნაშთები: მოკლევადიანი მოთხოვნები – 215,564.29 ლარით, სასაქონლო-მატერიალური მარაგები – 94,892.00 ლარით და ძირითადი საშუალებები – 697,153.39 ლარით. რაც შეეხება მოკლევადიანი ვალდებულებების საბოლოო ნაშთს, ის 88,708.81 ლარითაა გაზრდილი.

მოგება-ზარალის ანგარიშგების ბუღალტრულ ანგარიშებზე წლის საბოლოო ნაშთების არასწორად აღრიცხვის შედეგად, შესაბამისი წლის ფინანსურ ანგარიშგებაში არასწორად არის ასახული წმინდა მოგება. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში კლინიკური ცენტრის შემოსავლები აღრიცხულია 170,678.27 ლარით ნაკლები თანხით, ხოლო მთლიანი ხარჯები გაზრდილია 86,607.54 ლარით. შედეგად, გაუნაწილებელი მოგება შემცირებულია 96,350.60 ლარით.

სააღრიცხვო ჩანაწერების მანიპულირებით შეიქმნა გადასახდელი დივიდენდების სახით სახელმწიფოს წინაშე არსებული და სხვა მიმდინარე დავალიანების შემცირების საფუძველი და ხელოვნურად გაიზარდა გაუნაწილებელი მოგება. ამასთანავე, გაიზარდა ეკონომიკურ გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენის მიზნით პარტნიორის განზრახ შეცდომაში შეყვანის რისკები.
 

რეკომენდაცია N1. კლინიკურ ცენტრს და პარტნიორს   

  • საწარმოს ხელმძღვანელობას, პარტნიორს და კომისიას შორის კონსტრუქციული კომუნიკაციით უზრუნველყოფილ იქნეს დაგროვილი წმინდა მოგების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესის ოპერატიულობა და ეფექტური მართვა;
  • პარტნიორის მხრიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული კონტროლის საშუალებების ეფექტიანობის ამაღლებით უზრუნველყოფილ იქნეს საწარმოს განკარგულებაში დატოვებული წმინდა მოგების მიზნობრივი გამოყენების მონიტორინგი.

რეკომენდაცია N2. კლინიკურ ცენტრს   კანონმდებლობით გათვალისწინებული ძირითადი და დამატებითი შრომის ანაზღაურების (დანამატი, პრემია) გაცემის საფუძვლების იდენტიფიცირების/ შეფასების მიზნით, დაინერგოს სამუშაო დროის აღრიცხვისა და შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემა. საწარმოს უმაღლესი მენეჯმენტის დამატებითი შრომის ანაზღაურების საკითხი შეთანხმდეს პარტნიორთან.

რეკომენდაცია N3. კლინიკურ ცენტრს  

  • ხელმძღვანელობის მიერ შემუშავებულ და დანერგილ იქნეს ისეთი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე პირთა მიმართ სამართლიან, არადისკრიმინაციულ და თანაბარ მიდგომას;
  • შესყიდვების პროცესის გამჭირვალობის და მასზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მხრიდან მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელების მიზნით, უზრუნველყოფილ იქნეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა სავალდებულო ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესყიდვების ელექტრონულ პორტალზე ატვირთვა.

რეკომენდაცია N4. კლინიკურ ცენტრს და პარტნიორს   აქტივების ფაქტობრივი მდგომარეობის და მათ დაცულობაზე კონტროლის უზრუნველსაყოფად, შემუშავდეს და დაინერგოს ეფექტური კონტროლის საშუალებები, სავალდებულო ინვენტარიზაციის ჩათვლით. ამასთანავე, გამოვლენილი აქტივების დანაკლისების მიხედვით დადგინდეს მატერიალური პასუხისმგებელი პირები და მათ მიმართ გატარდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

რეკომენდაცია N5. კლინიკურ ცენტრს  ადმინისტრაციულ და ეკონომიკურ საქმიანობაში სახელმწიფო ქონების რაციონალური გამოყენების და ადეკვატური ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით:

  • არსებული კონტროლის მექანიზმების ეფექტიანობის ამაღლების გზით, სასყიდლიან სარგებლობაში ქონების გადაცემა განხორციელდეს საბაზრო პირობების შესაბამისად განსაზღვრული საფასურის საფუძველზე;
  • საწარმოს    საკუთრებაში    არსებულ    მიწის    ნაკვეთზე,    მოიჯარის    მიერ უნებართვოდ    აშენებულ    შენობა-ნაგებობასთან    დაკავშირებით, უზრუნველყოფილ იქნეს არსებული ფაქტობრივი გარემოების − შესაბამის სამოქალაქო სამართლებრივ ფორმაში მოქცევა.

რეკომენდაცია N6. კლინიკურ ცენტრსა და პარტნიორს   

შესწორდეს ფინანსურ ანგარიშგებებში არსებული უზუსტობები. დაინერგოს კონტროლის ქმედითი მექანიზმები საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობაზე, რათა ბუღალტრული ოპერაციების აღრიცხვა, ასევე ფინანსური ანგარიშგების მომზადება და წარდგენა განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობისა და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად.